ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა ხურვალეთში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, ახლადგავლებული მავთულხლართებია ასახული. მისი თქმით, დათა ვანიშვილის სახლთან ახალი მავთულხლართებია დამატებული, რაც მას დათა ვანიშვილის მეუღლემაც დაუდასტურა. ქაცარავას თქმით, ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ვალია ვანიშვილს კონტაქტი დანარჩენ საქართველოსთან აქვს. ანტისაოკუპაციო მოძრაობაში თვლიან, რომ ახალი ბორდერიზაციის ფაქტი სწორედ მოხუცის დაშინების მცდელობას ემსახურება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი ბორდერიზაციის პროცესს არ ადასტურებენ.
“ხომ გახსოვთ, მავთულხლართებიდან რომ ვაწვდით პროდუქტს და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს? აი ზუსტად ამ მავთულხლართებზე კიდევ ერთი ხვეულა დაამატეს, გაყოლებაზე კი დაახლოებით სამ მეტრამდე გაზარდეს ხლართების სიმაღლე, ჯამში მინ 50მ ახალი ხლართით “გაალამაზეს” იქაურობა. ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ იმისთვის, რომ ვალია ბებოს ვეღარ დავეხმაროთ, იმისთვის, რომ ვალია ბებო შეშინდეს და დანებდეს, მიატოვოს სახლი და გადმოვიდეს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში. არც ვალია ბებოს მივატოვებთ გასაჭირში, არც გენადი ბესტაევს და არც ირაკლი ბებუას”,-აცხადებს დავით ქაცარავა.