გორელ პოლიციელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ბოლო ორ დღეში გორში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ორმა პოლიციელმა გაავრცელა. ორივე მათგანი საკუთარ გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს.
ერთ-ერთი მათგანი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ, მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მისი სიძე კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარია.
თამაზ ჯოხაძე
მეუბნებიან რომ დაწერე განცხადება, რომ პირადი პრობლემების გამო ტოვებ სამსახურს და წადიო. მიზეზის თქმაც არ უნდათ. მე ამას ვუკავშირებ, იმას რომ ჩემი სიძე გია მეზვრიშვილი არის საბანაძის მეგობარია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს, მხოლოდ იმიტომ რომ საბანაძის მეგობარია. ალბათ, ჩემი გაშვებაც ამიტომ უნდათ.
ჯოხაძემ ფეისბუქლაივი ხელმძღვანელების კაბინეტიდან ჩართო და საზოგადოებას აცნობა, რომ გორის საპატრულო პოლიციიდან მიზეზის განუმარტავად უშვებდნენ და განცხადების დაწერას სთხოვდნენ.
მის განცხადებას მოგვიანებით უპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ჯოხაძეს დისციპლინური გადაცდომები ჰქონდა და ამის შესახებ გასაუბრება ჩატარდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
“მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება”.
კიდევ ერთი გორელი პოლიციელი, რომელიც ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს, გიორგი ნასყიდაშვილია. მისი თქმით, მას ჯერ გორის შს სამმართველოს მერეთის განყოფილების უფროსის თანამდებობა დაატოვებინეს, შემდეგ კი რიგითი პოლიციელის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. ნასყიდაშვილის თქმით, სამსახურიდან გიორგი გახარიას გუნდის წევრის, კოტე ანანიაშვილის ფოტოს გაზიარების გამო გაუშვეს.
გიორგი ნასყიდაშვილი
19-წლიანი გამოცდილება მაქვს და უცებ მითხრეს, რაებს აზიარებ ფეისბუქზეო და გამომიშვეს სამსახურიდან. კოტე ანანიაშვილის ფოტო მქონდა გაზიარებული, რადგან ის ჩვენი უფროსი იყო და კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ალბათ ჩათვალეს, რომ მე გახარიას გუნდის წევრი ვიყავი. არადა, საერთოდ არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ.