სტატიები

რატომ არის საჭირო გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია?

რატომ არის საჭირო გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია? – ამ საკითხზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. რადიო „მოზაიკას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, საზოგადოებამ პროექტის „ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების რეორგანიზაციისათვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებიც შეაფასა.

როგორ აღიქვამს საზოგადოება გორის მერიის ა(ა)იპ-ებს?

რადიო “მოზაიკამ” ჩაატარა კვლევა “გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპები – იმიჯის კვლევა”, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის 100-მდე მოქალაქემ მიიღო. კვლევის მიზანი იყო  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ერთიანი, ზოგადი იმიჯი გამოკვეთა და საზოგადოების განწყობები გამოევლინა. 

  • გამოკითხვაში მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები დაღლილ ადამიანს აგონებს, რომელსაც ათბალიან სკალაზე 5 ქულით აფასებენ და რომელთან მეგობრობასაც, მონაწილეთა ნახევარზე მეტი ახლობელს არ ურჩევდა.
  • გამოკითხულთა 53% პროცენტი ფიქრობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები არის ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც არასრული საშუალო განათლება აქვს. ის პარტიულია და მას ქაოტურობა და არეულობა ახასიათებს.
  • თვისებებზე საუბრისას, გამოკითხულთა დახასიათებით, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპები არის მოსაწყენი, ნეპოტისტური განწყობების მქონე, არათანიმდევრული, ჩაკეტილი  და მშიშარა ადამიანი, რომლის მიღწევებს 5-ბალიანი სისტემით შეფასებისას, 2-3 ქულას დაუწერდნენ.
  • გამოკითხულ მოქალაქეებში მაღალი ცნობადობით კეთილმოწყობის სააგენტო, კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ტრანსპორტის სააგენტო და სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გამოირჩევა.
  • გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ები ნაწილობრივ უნდა იყვნენ ბიუჯეტის დაფინანსებაზე.
  • კარგი ა(ა)იპ-ი კი, მათი შეფასებით, უნდა იყოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.

რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები?

ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საჭიროებაზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრას “ქართული ოცნების”, “ლელოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ესწრებოდნენ. ყველა მათგანის თქმით, ა(ა)იპ-ებში მრავალი პრობლემა არსებობს, რომელთა მოგვარება აუცილებელია.

დავით რაზმაძე, “ქართული ოცნება”

ეს ურთულესი თემაა და ვფიქრობ, გლობალური მიდგომაა საჭირო. უნდა იყოს კანონი დაცული თავიდან ბოლომდე. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამხელა გაერთიანებების შექმნისა, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მალე დავემსგავსოთ ევროპული ქვეყნების თვითმმართველობებს და ნელ-ნელა გავატაროთ ცვლილებები.

ანო ბალიაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

არსებული ხავეზები კარგად დავინახეთ რადიო „მოზაიკას“ მიერ მომზადებულ მასალებშიც, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, რის საფუძველზე დასაქმდნენ, რა ფუნქციას ასრულებდნენ და ა.შ. საერთო ჯამში, დავინახეთ, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ადილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას – ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას, საკადრო პოლიტიკას და პოლიტიზირებას. აღმოჩნდა, რომ ეს გაერთიანებები რეალურად არის მმართველი გუნდის აქტივის დასაქმების სივრცე. ის მილიონები უნდა იხარჯებოდეს მიზნობრივად და თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეძლოს ამ სერვისებით სარგებლობა.

პაპუნა კობერიძე, “ლელო

ამ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის 90% სახელფასო ფონდში მიდის. იმას, რომ შტატები გადაჭედილია და პარტიული ნიშნით არიან დასაქმებულები, როგორც კვლევაში იყო ნახსენები, დარეგულირებას სჭირდება. აქ არ არის საუბარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანიზაციების გაუქმებაზე, მაგრამ საჭიროა, რომ ზუსტად იყოს გათვლილი, რომელი ა(ა)იპი რისთვის გვჭირდება და გვიღირს თუ არა მათი სახელფასო ფონდისთვის ამხელა თანხის გაღება.

რას ფიქრობს სამოქალაქო სექტორი?

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ წინასაარჩევნო პერიოდშივე უნდა შეიმუშაოს ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკუთარი ხედვა და ის ამომრჩეველს გააცნოს.

ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი

ბიუჯეტის ნახევარი მიდის ამ ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში. სწორედ ამიტომ პარტიებმა წინასწარ უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა ამასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ამ პრობლემის მოგვარების გზებს და შემდეგ არ უნდა დაიქირონ ექსპერტები, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, რადგან ხელისუფლებაში მოსული ძალა ყველა ვარიანტში ეცდება გაატაროს ფასადური ცვლილებები. ამ ხედვებზე უნდა მიდიოდეს წინასაარჩევნო დისკუსიები, დებატები და არა რაღაც – არათემატურ საკითხებზე.

მარტა ბიბილაშვილი, PIN-ის წარმომადგენელი

მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ნაწილს დღესდღეობით შეთავსებული აქვს ისეთი სერვისები, რომელთა მიწოდება შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯზე არ ხდებოდეს და ამას კერძო ბიზნესი აკეთებდეს. მნიშვნელოვანია, როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენლები პროგრამების შემუშავება-გადამუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, გაითვალისწინონ რა კომპონენტების ჩამოშორებაა შესაძლებელი და რისი შეთავაზებაა უპრიანი საზოგადოებისთვის, კერძო სექტორისთვის, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით.

ქეთევან ბებიაშვილი, საიას წარმომადგენელი

ა(ა)იპ ების რეორგანიზაცია რომ აუცილებელია, ეს კვლევიდანაც გამოჩნდა და ამის საჭიროება ნამდვილად დგას, მაგრამ ეს მტკივნეულად არ უნდა ხდებოდეს. იმდენად სწორად უნდა იყოს ეს ყველაფერი გაწერილი, რომ ადამიანებსაც კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეთ და ეს პროცესი არასასურველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლებისთვის არ იქნას გამოყენებული. ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს კარგად დასაბუთებული.

ინფორმაციისათვის:

მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, უფლება აქვს, დააფუძნოს ა(ა)იპ, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მისი უფლებამოსილების სფეროში განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებს. იურიდიული პირების შექმნის საფუძველი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელმა ორგანიზაციაში და მის დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა. აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ორგანიზაციაში უზრუნველყოფილ იქნეს ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება. შესაბამისად, იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული უნდა იყოს რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული ორგანიზაციების შენახვისთვის გამოყოფილი თანხები კი ყოველწლიურად იზრდება – 2021 წლისთვის გორის ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის ბუჯეტში 20 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 121 600 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს აღნიშნული ა(ა)იპ-ების შენახვა ყოველწლიურად 165 ლარი უჯდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.