68 დევნილი ოჯახი გორში ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გადასცეს.
„ეს ქალაქი, სადაც ჩვენ ახლა ვართ, 13 წლის წინ იბომბებოდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ათასობით ქართველი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ამ დევნის პირობებში შევამსუბუქოთ და გავაუმჯობესოთ თითოეული დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და მაქსიმალურად ვიდგეთ დევნილების გვერდში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს ცნობით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.