ადამიანები ისტორიები

“გვინდა, ევროპის ბაზარზე გავიდეთ” – ამური მასურაშვილის მესაქონლეობის ისტორია ზემო ხვედურეთიდან 

ამ სოფელში ბუნების იმედად არის ხალხი, – ამბობს ამური მასურაშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს. ეს ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც არც საძოვრებია და არც მოწესრიგებული სარწყავი სისტემა.

სარწყავები არ არის. ასეა ხალხი, ბუნების ანაბარა, რომ იტყვიან. ბუნებამ თუ ხელი შეუწყო, მაშინ იქნება მოსავალი. თუ არა, ჩათვალეთ, რომ არაფერი ექნებათ. საძოვრებიც არ გვაქვს, მაგიტომ ხალხმა საქონელი გაყიდა, მოიშორა“, – გვიყვება ამური, რომელსაც რთული პირობების მიუხედავად, სოფლიდან წასვლა არ უფიქრია. 

მეტიც, მეზობლებისგან განსხვავებით, ამურმა საქონლის გაყიდვაზეც უარი თქვა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ შრომას მოითხოვს, თუმცა სჯერა, რომ შრომას შედეგი ექნება. 

“სამუშაო არ ილევა. გათენდება თუ არა ვდგები იმიტომ, რომ მიხედვა უნდა საქონელს. ზამთარ-ზაფხულს სულ საქმეა. ორი ძროხა და ხბო მყავს. მათი გამოკვება რთულია, ხან ხელით მიმყავს და მომყავს”.

ამურის საქონლის მომრავლება და სოფლის პროდუქციის წარმოება უნდა. ყველის წარმოება უკვე დაიწყო. ამბობს, რომ საკუთარ წამოწყებაში მხარდამჭერებიც ნახა, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა “Populis Rei”, რომელიც მეწარმეებს სლოვაკეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ეხმარება.

“რამდენიმე დღის წინ ყველის შესაფუთი აპარატი მოგვიტანეს. დაგვეხმარნენ, რომ შევფუთოთ ჩვენი პროდუქტი და გავიტანოთ ბაზარზე. ასე თუ დაეხმარებიან ევროპული ორგანიზაციები გლეხს, ძალიან კარგი იქნება. სურვილია, რომ კარგი მოსავალი მოვიყვანოთ და კარგ ფასადაც გაიყიდოს”.

ამური ფიქრობს, რომ ქართული სოფელი განვითარების გარეშე ვერ გაძლიერდება. მისი აზრით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ საკუთარი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა შეძლონ. 

“ხელის შეწყობა უნდა, რომ კარგი მოსავალი, ხარისხიანი მოსავალი მოვიყვანოთ და ევროპის ბაზრებზეც გავიდეთ და გლეხის შრომაც დაფასდება. ძალიან კარგი იქნება ევროკავშირის წევრი, რომ გავხდეთ – ამით კულტურის დონეც აიწევს, განათლებისაც და მედიცინისაც. ყველაფერს შეეხება ეს, ყველაფერს წინსვლა ექნება ცხოვრებაში.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.