სტატიები

რას დაპირდა ბიძინა ივანიშვილი გორელებს 12 წლის წინ – სიტყვები და რეალობა

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი გორელ ამომრჩეველთან პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს გამართავს. ივანიშვილმა მსგავსი შეხვედრა ბოლოს 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 15 ივლისს გამართა. 

12 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით, ივანიშვილი გორელებს სასიკეთო ცვლილებებს სხვადასხვა სფეროებში დაპირდა – მისი საარჩევნო დაპირებები “მოზაიკამ” საარქივო მასალიდან ამოიღო და იმ ვთარებას შეადარა, რომელიც “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტშია. 

დაპირება N1: ერგნეთის ბაზრის აღდგენა

“ერგნეთის ბაზრობის დახურვა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯია, რადგან იქ ქართველების და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა. ახლა იქ რუსული პოსტია განთავსებული. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც.”

ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება შეუსრულებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისმა გუნდმა ერგნეთის ბაზრის ტერიტორია პარტიის ერთ-ერთ შემწირველს მიზერულ თანხად მიყიდა – 34 869 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 34 500 ლარად რუსეთის მოქალაქეობის მქონე გორელმა ბიზნესმენმა, გიორგი ჯალაბაძემ იყიდა. 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გიორგი ჯალაბაძეს გაუფორმეს, ბაზრის ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში კომერციული ფართები და 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა აშენდეს. საინვესტიციო თანხა კი, ჯამში 6 000 000 ლარს შეადგენს. 

“ქართულმა ოცნებამ” ბაზრის ტერიტორია ხელისუფლებამ ისე გაასხვისა, რომ ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავს. 

დაპირება N2: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

“უმძიმესი პირობებია გამყოფ ხაზთან მცხოვრები ხალხისთვის შექმნილი. იქ ისეთი ვითარებაა, რომ კატასტროფული სისწრაფით იცლება სოფლები. მე და ჩემი გუნდი ამ ხალხს ვპირდებით, რომ ეს უსულგულობა მალე დამთავრდება. გპირდებით, რომ გამოვნახავთ საერთო ენას ოსურ მხარესთსნ და სოფლებს ექნებათ სარწყავი წყალი. ჩვენ ამ გაუსაძლის ყოფას აუცილებლად შეგიმსუბუქებთ.”

ამ დაპირების გაცემიდან 12 წელი გავიდა – საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს მოსახლეობა კვლავ მასიურად ტოვებს. ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ სოფლებში ახალგაზრდების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. ამ სოფლების უმრავლესობას ამ დრომდე არ აქვს სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი, სარწყავი წყალი, ამბულატორია, აფთიაქი და მაღაზია. 

ამავე თემაზე: “თქვენ როგორ იცხოვრებდით საოკუპაციო ხაზთან და თან უწყლოდ?”

დაპირება N3: ქართული სოფლის აღორძინება 

“გლეხს გაუსაღებელი მოსავალი აღარ დარჩება. საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია დიდ შემოსავალს მოუტანს ფერმერს და გლეხს. ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას და აღარ ვიქნებით დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე. ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ამავდროულად ადგილობრივი ბოსტნეული ხილი და ხორცი. მე სიტყვას გაძლევთ ყველა სოფელს და თითოულ მოქალაქეს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებ.”

ფერმერები ამ დრომდე ჩივიან, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯი პროდუქციის ღირებულებას იმდენად ზრდის, რომ მომხმარებელი, სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, უპირატესობას კვლავ იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭებს. 

ამავე თემაზე: “იმპორტირებული პროდუქციის გამო, მოსავლის იმაზე დაბალ ფასად გაყიდვა გვიწევს, ვიდრე მის მოყვანაზე დავხარჯეთ”

ამავე თემაზე: “მოსავლის ფასებს აორმაგებს საწვავის და პესტიციდების ღირებულება”

დაპირება N4: უმუშევრობის დაძლევა 

“ჩვენი გეგმა არის შევქმნათ სამუშაო ადგილები ასეთი ადგილები კი ასობით ათასი იქნება. გპირდებით, რომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი. უცხოური ინვესტორებისთვის ღია იქნება ჩვენი ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.”

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების დაახლოებით 60% თავს ღარიბად თვლის. საქსტატის მონაცემებით, მზარდია იმ ოჯახების რიცხვი, ვინც სახელმწიფოს სოციალური დახმარების დანიშვნას სთხოვს. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მიგრაციის მაჩვენებელიც – ადამიანები არამარტო მშობლიურ ქალაქს/სოფელს, არამედ ხშირად ქვეყანას ტოვებენ, სამსახურის და შემოსავლის შოვნის იმედით.

დაპირება N5: სკოლის აშენება ყველა სოფელში

“ბავშვებს აღარ დასჭირდებათ მომქანცველი გზის გავლა სხვა სოფლებში სასწავლებლად მისასვლელად. ყველა სოფელს თავისი სკოლა ექნება. მასწავლებელიც იამაყებს თავისი პროფესიით რადგან მისი შრომა სათანადოდ იქნება დაფასებული.”

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების 55%-ში არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, სოფლის სკოლების უმრავლესობაში არ არის კვების ობიექტები.

ამავე თემაზე: სკოლების 80%-ში ბუფეტი არ არის – ვითარება გორის სოფლებში 

დაპირება N6: სპორტის დეპოლიტიზირება

“სააკაშვილმა მოახერხა და სპორტის პოლიტიზირება მოახდინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენს აფასებს არა მისი მიღწევებით, არამედ მისი ყურმოჭრილი მორჩილებით.”

აღსანიშნავია, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გორის მერი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. რამდენიმე დღის წინ კი, ასევე გორელი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ პარტიულ სიაში შეიყვანა. 

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მმართველოს პირობებში, მხოლოდ გორის მაგალითზე, სპორტსმენებმა თანამდებობები დაიკავეს მერიაში, გუბერნიაში და საკრებულოში. 

დაპირება N7: დევნილების გაძლიერება

“დევნილებს ვპირდები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ დაუკანონდებათ საცხოვრებელი ფართები. ღირსეულ პირობებს შევუქმნით, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული სოციალურ შემწეობებზე და სახელმწიფოს მოწყალებაზე დამოკიდებული.”

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ფართების გადაცემის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, ამ დაპირების შესრულებას დევნილები ამ დრომდე ელიან. ჩივიან იმ დახმარების სიმცირეზეც, რომელსაც ხელისუფლებისგან ყოველთვიური შემწეობის სახით იღებენ. 

აღსანიშნავია, რომ დევნილების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიტანეს – მათი დახმარებით, იძულებით გადაადგილებულმა არაერთმა ოჯახმა შეძლო საკუთარი მეურნეობის განვითარება და იდეის ბიზნეს-საქმიანობად ქცევა. 

დაპირება N8: ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ადეკვატურად განსაზღვრა

დაპირება N9: ყველა დაპირების შესრულება

“ჩვენ ყველა პირობას შევასრულებთ, ამის პირობას მე გაძლევთ”, – ასე დაასრულა საკუთარი სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა 12 წლის წინ გორში, თუმცა ხალხის მხარდაჭერის მიღების და ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მისი დაპირებები შეუსრულებელია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი