გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობენ და პროტესტის ნიშნად, გაფიცულები არიან.
სტუდენტების თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამიტომ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც ხელისშემშლელი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
“კარგად ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჩვენს ტოლებს, ჩვენზე დიდებსა თუ პატარებს. მიგვაჩნია, რომ ამაზე ხმის ამოუღებლობა დანაშაულია. საქართველოს და ქართველი ახალგაზრდების ისტორიული არჩევანი არის, იყო და იქნება ევროოული ოჯახის წევრობა და ზუსტად ამიტომ, ვემიჯნებით ყველაფერს, რამაც შეიძლება დაგვაშოროს ევროკავშირს. სტუდენტთა ნაწილმა გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმ უნივერსიტეტების და სტუდენტების გვერდში დავდგეთ, ვინც აუდიტოიებიდან გამოვიდა და აქციაზე ქვეყნის დასაცავად დგას”, – ამბობს რუსკა ბუზიაშვილი.
სტუდენტები დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ამბობენ, რომ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ახლა აუდიტორიის ნაცვალდ ქუჩაში უნდა იდგეს.
“მაშინ, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ბედი წყდება, დუმილი დანაშაულია. ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისა და წინსვლის დასაცავად ვუერთდები საპროტესტო აქციას, რომელში მონაწილეობაც ჩემი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. საპროტესტო აქციაზე მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და ესმის ევროპული და დასავლური ღირებულებების ფასი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩემი ქვეყნის ევროპული მომავალი იქნება საფრთხის ქვეშ და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირისა და დასავლური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი თავისი ღირებულებებითა და უნიკალური კულტურით”, – ამბობს ნინი ბერუაშვილი.
სტუდენტები აქციების გაგრძელებას იქამდე აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება უარს არ იტყვის საკუთარ განზრახვაზე.
“ძალიან განვიცდი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, როგორც სტუდენტი, მოქალაქე და აქტვისტი. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და მუქარას. სირიცხვილია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორ გაგრძელდება პროტესტი, ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა ყველა სტუდენტს მხარდაჭერას ვუცხადებ, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით. მე, როგორც გორის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი, მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. მე, ვირჩევ ნათელ ევროპულ მომავალს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდით არიან სტუდენტების გარკვეული ნაწილი. მინდა, ჩემს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ დაგვიჭირონ მხარი და აირჩიონ ნათელი ევროპული მომავლი“, – ამბობს აიფერ მამაი.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ამბობს, რომ მათ ხელისუფლებამ ერთადერთი გზა დაუტოვა. ეს ქუჩაში დგომაა და იქამდე გააპროტესტებენ რუსულ კანონს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
“სტუდენტებმა განვიხილეთ ის კანონი, რომელსაც ხელისუფლება ქართულს არქმევს. რუსულ კანონთან მიმართებაში ერთი განსხვავება, რაც დავინახეთ ისაა, რომ რუსული რუსულ ენაზეა დაწერილი, ქართული – ქართულ ენაზე. ჩვენ კარგად ვიაზრებთ საფრთხეებს, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება. ხელისუფლებას უნდა საკუთარი მოსახლეობა ჭურში ისხდეს. ახალგაზრდებს არ გვინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება, რაც ჩვენმა მშობლებმა გამოიარეს. სტუდენტები ცალ-ცალკე ვაპროსტესტებდით რუსულ კანონს, თუმცა ამჯერად ერთად ვდგავართ და ვუერთდებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დიდი ხანია დგანან თბილისის აქციებზე. არ ვაპირებთ აუდიტორიიდან ან ტელევიზორიდან ვადევნოთ თვალი, გვინდა ვიყოთ ამის ნაწილი, არ ვაპირებთ დადუმებას და დამორჩილებას, ამიტომ ვიდგებით იქ, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქე უნდა იდგეს“, – გვითხრა მარიამ პავლიაშვილმა.
რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მასშტაბური გაფიცვა 11 მაისს თსუ-ს სტუდენტებმა დაიწყეს. 14 მაისის მონაცემებით კი, ამჟამად საქართველოს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები.
მასალა მომზადდა პროექტის “ქალები საერთო მიზნისთვის” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” ახორციელებს “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.