გორის XII საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლეების მიმართ ბულინგში და დამცირებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახის წევრი, მარიამ მაისურაძე წერს. მისი თქმით, მუსიკის მასწავლებელი მ.ბ. მოსწავლეებს უყვირის, ამცირებს, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ანსხვავებს და ნიშნის არდაწერით ემუქრება.
“ეს მასწავლებელი ყველა ბავშვს, რომელსაც ასწავლიდა და ასწავლის, ამყოფებს მუდმივ სტრესსა და დამცირებაში. მისი მასწავლებლად ყოფნის მომხრე არ არის მშობლების და მოსწავლეების უმეტესობა, თუმცა რაღაცა გავლენის ქონის გამო, სკოლიდან არ უშვებენ. მკაცრად მოვითხოვ, გადაეხედოს მის კომპეტენციას, გამოიკითხოს ბავშვთა ფსიქოლოგის მეთვალყურეობით ყველა მისი მოსწავლე, მშობლები და დასრულებული იქნას მის მიერ ბავშვებზე განხორციელებული მუდმივი დამცირება“, – წერს მარიამ მაისურაძე.
აღნიშნულ საკითხზე “მოზაიკა” სკოლის დირექტორს ნოდარ იარღანაშვილს დაუკავშირდა. დირექტორი ამბობს, რომ მასთან მასწავლებლის მიმართ საჩივარი არ შესულა, შესაბამისად, ეს ამბავი მან სოციალური ქსელიდან შეიტყო.
“ახლა მაჩვენეს ეს პოსტი, ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, არც ბავშვების მხრიდან და არც მშობლებისგან მასწავლებლის მიმართ გამოთქმული პრეტენზია და საჩივარი ჩემამდე არ მოსულა, ახლა რატომ მოხდა ასე, მაგას ჩავეძიები“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
ვითარებაში გარკვევას აპირებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც. მისი ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, პირველი, რაც უკმაყოფილო მშობლებმა უნდა გააკეთონ, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიმართვაა.
“მე კი მოვიკითხავ, მაგრამ ერთმა მშობელმა მაინც მიმართა როდისმე წერილობით დირექციას? ასეთი ამბავი თუ ხდება, რასაც ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ, ბუნებრივია, რატომ არ მიმართავენ მშობლები სკოლის ადმინისტრაცია. თუ მიმართა რომელიმემ და რეაქცია არ იყო ადეკვატური ადმინისტრაციის მხრიდან, გვაცნობონ“, – აღნიშნა ტერმაკოზაშვილმა.