გორში ძაღლის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიციას პირი, რომელმაც ძაღლი სასიკვდილოდ გაიმეტა, იდენტიფიცირებული არ ჰყავს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა. ძაღლს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.