რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედროს ოჯახი დახმარებას ითხოვს, – საუბარია გიორგი ჩუბითიძის ოჯახზე, რომელიც ახალსოფელში ცხოვრობს.
ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში იბრძოდა და ის ოკუპანტებმა ერთ-ერთ ცხელ წერტილში აიყვანეს. გიორგის დედა ამბობს, რომ 10 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქართველების მძევლად აყვანის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია.
ოჯახმა არ იცის რას აკეთებენ ოფიციალური უწყებები სამხედროების ტყვეობის სწრაფად გასათავისუფლებლად და დახმარებას ითხოვს.
“დროზე მიეშველონ, სანამ დააავადმყოფებენ და სანამ მთლად გააუბედურებენ. დავალებაზე რომ მიდიოდა მეტყოდა, დედა მივდივარ დავალებაზე, არ ინერვიულო, გამოვალ, დაგირეკავ. დამეხმარონ, რომ გადარჩეს ცოცხალი. არავის არაფერი არ მინდა, რაც მაქვს ისიც მეყოფა ოღონდ იცოცხლოს და კარგად იყოს”, – ამბობს დედა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას გაიტაცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა , რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.