ახალი ამბები

გორის მერია 2024 წელს აპირებს წყლის სისტემა ზერტში, ტირძნისსა და ნაწრეტში მოაწყოს – ბიუჯეტის პროექტი

გორის მერია 2024 წელს წყლის სისტემის მოწყობას მუნიციპალიტეტის სამ სოფელში აპირებს. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემების მოსაწყობად 2 029 300 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემები მოეწყობა ზერტში, ტირძნისსა და ნაწრეტში. 

ზერტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის 800 000 ლარის დახარჯვა იგეგმება

პროექტით გათვალისწინებულია ჭაბურღილისა და ლითონის ავზების მოწყობა, რომელთა მოცულობა 50 კუბური მეტრი იქნება. ასევე, დაგეგმილია საქლორატოროს მშენებლობა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სიგრძით 37.3 კმ. პროექტის ფარგლებში, 950 ოჯახზე ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველებიც უნდა მოეწყოს.

ტირძნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის 843 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია. ასევე, ლითონის კოშკის და ახალი 50 კუბური მეტრი მოცულობის ავზის მოწყობა. დაგეგმილია საქლორატოროს მშენებლობა და სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობა სიგრძით 135 გრძ/მ. პროექტის ფარგლებში, 248 ოჯახზე ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველები უნდა მოეწყოს.

ნაწრეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის 386 300 ლარის დახარჯვა იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულია ჭაბურღილის მოწყობა და ჭაბურღილიდან სადაწნეო კოშკამდე წყალადენის მოწყობა.

ფინანსური დოკუმენტის წარმოდგენილი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, მერიის გეგმაა, რომ სამუშაოები სამივე სოფელში წლის პირველ კვარტალში დაიწყოს და მეორე კვარტალში დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი