სტატიები

“ექიმი სახლში მოგვყავს” – რა სჭირდებათ პაციენტებს და რა ხდება აგარის ამბულატორიაში?

აგარის ამბულატორიაში მისულ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება სიცივეში, მოუწესრიგებელ და სარემონტო შენობაში უწევთ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ადგილზე მისული მოქალაქეები საჭირო გამოკვლევებს ვერ იტარებენ და შესაბამისად, ვერც შესაბამის დახმარებას იღებენ. 

მოსახლეობა მოვითხოვოთ აგარის ამბულატორიისთვის ელემენტარულ პირობებს, გათბობას მაინც. ექიმებს უჭირთ პაციენტების შემოწმება სიცივის გამო”, – უთხრა “მოზაიკას” ნინო თეთუნაშვილმა. 

ნინო აგარაში ცხოვრობს და როგორც ამბობს, მის შვილს სამედიცინო მომსახურება კვირაში სამჯერ სჭირდება. 

იმის გამო, რომ ამბულატორიაში შესაბამისი პირობები არ არის, ექიმი ხშირად სახლში მომყავს. ჩემი შვილი არის შშმ პირი ფეხის ამპუტაციით და გადაიტანა გულის მწვავე ინფარქტი. გაუკეთდა სტენდირება და შემდგომ შურტირება, 12 საათის ინტერვალით. რამდენი ჩემნნაირია რატომ არ უნდა იყოს ელემენტარული პირობები?”, – წუხს ნინო. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამბულატორიას კვალიფიციური კადრების პრობლემა არ აქვს. როგორც ისინი ყვებიან, მინიმალურ სამუშაო პირობებში ამბულატორია ფუნქციური სწორედ სამედიცინო პერსონალის წყალობით დარჩა. 

“აგარა ქვენატკოცის ამბულატოორიას უნდა დაუბრუნდეს ადრინდელი სტატუსი და დაერქვას “საავადმყოფო”, .ყურადღება უნდა მიექცეს ექიმების და მომსახურე პერსონალთა მოთხოვნებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევის ხარჯზე შეინარჩუნეს საავადმყოფოს შენობა”, – აღნიშნავს თამაზ დაბრუნდაშვილი.

შენობაში, სადაც ახლა ამბულატორიაა განთავსებული, ადრე საავადმყოფო ფუნქციონირებდა, რომელსაც სამშობიარო, თერაპიული და ქირურგიული განყოფილებებიც ჰქონდა. როგორც მოსახლეობა “მოზაიკას” ეუბნება, შენობის ფუნქციური დატვირთვა ნელ-ნელა შემცირდა და საბოლოოდ ადგილობრივები მათი საჭიროებების შეუსაბამო ამბულატორიის იმედად დარჩნენ. 

ერთ დროს იმხელა საავადმყოფო იყო და ახლა რომ მიხვალ, წნევას თუ გაგიზომავენ. სხვა დანარჩენზე ქარელში უნდა აირო ადამიანმა. მოხუცებს და ავადმყოფ ადამიანებს ამდენი სიარული შეუძლიათ?!”, – წუხან ადგილობრივები. 

აგარაში მდებარე ამბულატორიის მოწყობა ქვენატკოცის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც სურთ. ისინი მზად არიან, რომ ამის საჭიროებაზე სასაუბროდ ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეხვდნენ.

“ხალხი უნდა შევიკრიბოთ და მერიასთან გამოვიდეთ”, – ხშირად ფიქრობენ ამაზეც.

მოქალაქეთა მოთხოვნის საპასუხოდ, ქარელის მერიაში ამბობენ, რომ ამბულატორიის განახლება და აღჭურვა ჯანდაცვის სამინისტროს საზრუნავია. ქარელის მერიამ მოვლა-პატრონობისთვის აგარის ამბულატორიის შენობა სახელმწიფო ა(ა)იპს, სამედიცინო ჰოლდინგს გასულ წელს გადასცა. 

“ის ვალდებულებას იღებს დენის, გაზის და სხვა სახის ხარჯები ინვენტარი თუ წამლებით მომარაგემა თავის თავზე აიღოს,რათქმა უნდა ეს დადებითად აისახება ამბულატორიების გამართულ მუშაობაზე ეტაპობრივად ქარელის მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა’, – ამბობდა მაშინ ზაზა გულიაშვილი, თუმცა შენობის გადაცემიდან ერთი წლის შემდეგაც, ამბულატორიაში ვითარება არ შეცვლილა. 

ამ დრომდე სამედიცინო ჰოლდინგის დეტალური გეგმა არ გასაჯაროებულა. შესაბამისად, უცნობია, როდის, როგორ და რისი შეცვლა იგეგმება შენობაში, რომელიც ამ ზამთარსაც გათბობის სისტემის გარეშე ხვდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი