სტატიები

მგზავრობის ტარიფიც და განრიგიც პრობლემაა – რისი შეცვლა სურთ გორელ  ახალგაზრდებს?

მგზავრობის ტარიფიც და განრიგიც პრობლემაა – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და ადგილობრივ ხელისუფლებას მათი საჭიროებების გათვალისწინებას სთხოვენ.

| “გამოდის, რომ 18:00 საათზე ქალაქი ჩვენთვის იკეტება”. 

გიორგი მირაზანაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს. ყოველდღიურად, ის სოფლიდან გორში მიკროავტუბუსით დადის, რომელიც მუშაობას 18:00 საათზე ამთავრებს. შესაბამისად, გიორგიც ამ რეჟიმით ცხოვრობს და ცდილობს, ბიბლიოთეკაში მუშაობა, თანაკურსელებთან ერთად ქალაქში გავლა თუ მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმა საღამოს 6 საათამდე მოასწროს, შემდეგ კი საკუთარი სოფლისკენ მიმავალ ბოლო მიკროაბტობუსს გაჰყვეს. 

ბევრი ახალგაზრდაა ჩემნაირად და ზოგადად, გორში ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სწორედ რაიონიდანაა. ეს პრობლემა ყველას აწუხებს. პრაქტიკულად, საშუალება არ გვეძლევა, რომ საღამო ქალაქში გავატაროთ – თეატრში წავიდეთ ან საღამოს მეგობრებთან ერთად კაფეში დავსხდეთ”, – ამბობს გიორგი. 

| “რა გამოდის? ვისაც ფული არ აქვს, ქალაქი მისთვის მიუწვდომელია?!”. 

ქალაქში უფრო ხშირად სიარულის სურვილის მიხედავად, ახალგაზრდების ნაწილი ამას ვერ ახერხებს. დედაქალაქისგან განსხვავებით, შეღავათიანი ტარიფები გორელი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის დაწესებული არ არის.

“ქალაქში უამრავი ღონისძიება ტარდება, სადაც შეიძლება დასწრება გინდოდეს, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფინანსებთან მიდის. ჩამოსვლა, უკან წასვლა და თან იმ დროში, რაც ქალაქში უნდა გაატარო, საკვებისთვისაც გჭირდება რაღაც თანხა. ყველას არ აქვს ამის საშუალება”, – გვითხრა გიორგიმ.

სტუდენტების გარდა, გორში სიარული თითქმის ყოველდღიურად უწევთ აბიტურიენტებსაც – მათ, ვინც ეროვნული გამოცდებისთვის გორელ რეპეტიტორებთან ემზადება. გორში დადიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ცეკვით, მუსიკით ან სპორტით არიან დაინტერესებულები. 

“აი, მე მაგალითად, ცეკვის ანსამბლის, “ლაჟვარდის”და ფოლკლორული ანსამბლის “ონავრების” წევრი ვარ. ასევე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში არსებულ სხვადასხვა წრეებზე დავდივარ და ამის გამო მიწევს სოფლიდან გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული”, – გვითხრა ნინი წიწიკაშვილმა. 

ნინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ცხოვრობს. აღნიშნა, რომ მგზავრობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების წუწუნი ხშირად ესმის. ნინის თქმით, სოფლებში ცხოვრობენ მოზარდები, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე უარს სწორედ ტრანსპორტირების სირთულის გამო ამბობენ. 

“სოფლიდან სიარული ძალიან ძნელია. ბევრი ბავშვია, ვინც ჩემგან განსხვავებით, ვერ დადის ყოველდღიურად ქალაქში და თავს იკავებენ სხვადასხვა წრეებზე სიარულისგან”.

| “არც მუნიციპალური ტრანსპორტია ჩვენზე მორგებული“

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული არც მუნიციპალური ტრანსპორტია – შეღავათები არც აქ არსებობს და როგორც ‘მოზაიკასთან” აღნიშნეს, მუშაობის გრაფიკიც შესაცვლელია. 

“მუნიციპალური ტრანსპორტი გრაფიკის მიხედვით არ მოძრაობს, სულ რამოდენიმე დადის და ისიც არეულ დროებზე. ახალგაზრდებს რეპეტიტორებთან უწევთ სიარული და ამ დროს არასოდეს არ აქვთ იმედი, რომ ავტობუსი დროულად მოვა და ადგილზე თავის დროზე მიიყვანს”, – გვითხრა გიორგი ტლაშაძემ. 

გიორგის თქმით, ტრანსპორტის განრიგის შედგენისას, ახალგაზრდების სასწავლო რეჟიმიც  არაა გათვალისწინებული – კერძოდ, როგორც გიორგი ამბობს, რეპეტიტორიდან გამოსვლის შემდეგ, სახლში დაბრუნება მოსწავლეებს ფეხით ან ტაქსით უწევთ. 

“რეპეტიტორებთან ახალგაზრდები დადიან გაკვეთილების შემდეგ, საღამოს საათებში. ამ დროს კი, მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე აღარ მოძრაობს. აქედან გამომდინარე, უწევთ ტაქსით სიარული, რომელიც არც თუ ისე იაფია, კვირაში 5 დღე 5-6 ლარის გადახდა ყველას არ შეუძლია, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის და ახალგაზრდებს აბრკოლებს.”

| school card და student card –  რაშია გამოსავალი?

ტრანპორტთან დაკავშირებული პრობლემებზე, უკვე ორი წელია,  გორის ახალგაზრდული საბჭოც საუბრობს. საბჭოს წევრების აზრით, ვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა school card-ის და student card-ის სისტემის დანერგვაა.

“ჩვენ, გორის ახალგაზრდულ საბჭოს გვქონდა დაწერილი პროექტი, რომ რაიონის ტრანსპორტს დამატებოდა რამდენიმე რეისი და ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტში ამუშავებულიყო school card-ის და student card-ის სისტემა, რაც ახალგაზრდებს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის საშუელებას მისცემდა”, – გვითხრა მამუკა ზოლოტარიოვმა,  საბჭოს თავმჯდომარემ.

საბჭოს ამ ინიციატივის დანერგვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა, ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსების არ არსებობს გამო. ამ კუთხით გაჟღერებულ იდეებზე ხელისუფლების უარი, ბოლო წლებში, ოპოზიციამაც მიიღო. 

“დღემდე არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე, არაერთხელ მივმართეთ აღნიშნული ინიციატივით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება საქართველოში და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ქვეითდება, ხელისუფლება შეღავათების დაწესებაზე არ ფიქრობს. ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის”, – აცხადებს ენმ-ის წევრი ბექა ქორჩილავა.

ოპოზიცია ფიქრობს, პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტში ფინანსების არქონა კი არა, პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრა აფერხებს. 

| “სიახლე ჯერ არაფერია” – რას ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება?

“სიახლე შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერ არ არის, თანხები არ იყო, თუმცა ჩვენ ლადო [გორის მერი]  შეგვპირდა, რომ ამ თემაზე იმუშავებს მერიის ტრანსპორტის განყოფილება და რაღაცა შეღავათები იქნება სამომავლოდ”, –  აღნიშნა “მოზაიკასთან” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა დაპირების შესრულების ვადები ვერ დაასახალა. 

რაც შეეხება სოფლების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს, დავით რაზმაძის თქმით, ვითარების შეცვლა კერძო კომპანიის ნების გარეშე შეუძლებელია. 

“მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანას კომპანია “ბუქო” უზრუნველყოფს. ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელსაც ველაპარაკე, მუშაობენ იმაზე, რომ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიონ. რადგან კომპანია ამბობს, რომ 6 საათის შემდეგ მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ რეისების დანიშვნას, შეიძლება მაგასაც სუბსიდია დასჭირდეს. გვერდით გადადებული თემა არ არის”, – განმარტავს რაზმაძე.

| “შეგვიძლია, გორი ახალგაზრდულ ქალაქად ვაქციოთ”. 

შეგვიძლია, გორი ახალგაზრდულ ქალაქად ვაქციოთ”, – ამბობენ ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია, ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობენ. 

ერთ-ერთი ასეთი ზურა მაჭარაშვილია, რომელიც ექვსი თვის წინ, გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახდა და ახლა უკვე ამ გზითაც ცდილობს, რომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წინ წამოწიოს.

ტრანსპორტირების პრობლემა სხვა პრობლემებს ახალგაზრდების უდიდესი ნაწილისათვის, რადგან მათთვის შეუძლებელია 18 საათის შემდეგ ქალაქში დარჩენა და თუნდაც, აქტივობებში მონაწილეობა, რითაც მუდმივად აკლდებიან თეატრს, სპორტულ აქტივობებს, ფილმის ჩვენებებს და მეგობრებთან შეხვედრებს”, – ამბობს ზურა მაჭარაშვილი.

ზურას თქმით, ტრანსპორტირების პრობლემები ახალგაზრდებს სტრაჟირების გავლაში და დასაქმებაშიც უშლის ხელს. 

“ძალიან რთულია სტაჟირება გაიარო ან სადმე, დაბალანაზღაურებად სამსახურს დათანხმდე, როცა მგზავრობის ხარჯებიც კი არ გაქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ გორში სტუდენტური სამუშაოები არ არის, რითიც ახალგაზრდებიც ზიანდებიან და კერძო ბიზნესიც, რადგან შეიძლება, ბევრ მოტივირებულ და კარგ კადრს კარგავს”. 

ზურას აზრით, სწორედ თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილებაა ის, რაც ახალგაზრდებს ბევრ ახალ შესაძლებლობას მისცემს და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებასთან ერთად, მთლიანად ქალაქის ცხოვრების რიტმს შეცვლის და გამოაცოცხლებს.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.