ახალი ამბები

პოლონელი მეფუტკრეები ქვახვრელში ახალგაზრდა მეწარმის მეფუტკრეობას ესტუმრნენ

პოლონელი მეფუტკრეები ქართველ მეწარმეებს სტუმრობენ. ისინი შიდა ქართლშიც იმყოფებოდნენ და ახალგაზრდა მეწარმის, ვალერ მღებრიშვილის მეფუტრეობაც მოინახულეს. 

როგორც ვალერი მღებრიშვილი ამბობს, სტუმრობის მიზანი ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. 

“სურდათ, რომ გაცნობოდნენ ქართულ პროდუქციას. ეს ინტერესი ყოველთვის სასიხარულოა, რადგან ამით ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაციის და ასევე უცხოეული კოლეგების შეფასებების მოსმენის საშუალება გვეძლევა”, – გვითხრა ახალგაზრდა მეწარმემ. 

ვალერის სკები ქვახვრელში, საკუთარ სახლთანვე აქვს მოწყობილი. “მღებრიშვილის თაფლი” – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც თაფლს, არაყს და საპნებს აწარმოებს. 

“სტუმრებმა თაფლი და არაყი დააგემოვნეს. ასევე მოეწონათ ჩვენი საპნები, რომლებსაც თაფლისგან ვაწარმოებთ”. 

შიდა ქართლში ჩამოსვლამდე, პოლონელი მეფუტკრეები კახეთს და აჭარასაც სტუმრობდნენ. ახალგაზრდა მეწარმეს იმედი აქვს, რომ უცხოეულ კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავება, მომავალში პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაციაშიც დაეხმარება. იქამდე კი, მსურველებს “მღებრიშვილის თაფლის” ნაწარმის შეძენა ონლაინ, ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლიათ.

დატოვეთ კომენტარი