20 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გორის უნივერსიტეტი და იტალიის საელჩო.
“იტალიური ფესტივალი” მოიცავს გამოფენას ეკოლოგიის თემაზე, რომელშიც ჩართულნი არიან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო იქნება.
ინფორმაციისთვის, 16-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის 23-ე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.