ახალი ამბები

15-16 წლის ბიჭებმა “ნიკორადან” პროდუქტების მოპარვა სცადეს – რა მოხდა სუპერმარკეტში? 

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტიდან, 15-16 წლის ბიჭებმა პროდუქტების მოპარვა სცადეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. 

კერძოდ, “ნიკორაში” 3 ბიჭი შევიდა, რომლებმაც მაღაზიიდან შოკოლადების და წვენების გატანა ჯიბეებით სცადეს. როგორც თვითმხილველი ამბობს, დახლებიდან პროდუქტების აღების ფაქტი, ვიდეოკამერების საშუალებით, სუპერმარკეტის მენეჯერმა დააფიქსირა. 

“ფაქტების დაფიქსირება იქამდე მოხდა, სანამ სამივე ბიჭი მაღაზიას დატოვებდა. ამიტომ კონსულტანტმა ერთ-ერთი მათგანი მაღაზიიდან აღარ გაუშვა და უთხრა, რომ მეგობრებისთვის დაერეკა და პროდუქტების უკან მოტანა ეთხოვა”, – გვიყვება თვითმხილველი. 

თითქმის ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ბიჭებმა ყველა აღებული ნივთი უკან დააბრუნეს. მათგან ერთ-ერთი მაღაზიაში მეგობრებთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც ასევე 15-17 წლის მოზარდები იყვნენ. 

“ისინი ხუმრობდნენ, რომ არავისი არ ეშინიათ”, – ამბობს თვითმხილველი. 

“ნიკორას” კონსულტანტმა მოზარდები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქცევის განმეორების შემთხვევაში, ინფორმაციას მათ ოჯახებს მიწვდიდა. 

ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ არც პოლიციისთვის და არც მოზარდების მშობლებისთვის არავის უცნობებია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები