ავტორი: ქეთი ბებიაშვილი
არ უნდა შევწყვიტოთ იმაზე საუბარი, რაც ჩვენ გვეხება და ასეთ საკითხებს შორის, ერთ-ერთი სწორედ ქალაქის განაშენიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩვენს საუბარს მყისიერი შედეგი არ ჰქონდეს, მე მაინც მჯერა, რომ ყოველი სიტყვა საბოლოოდ წყლის იმ წვეთად იქცევა, რომელიც ერთ დღეს ქვას გახეთქავს.
უბრალოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან, ჩვენი ქალაქისთვის საციცოხლოდ აუცილებელ საკითხზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობა სწორად წავმართოთ.
ჩვენ ახლა უკვე გვესმის ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებაზე მუშაობენ. ამბობენ, რომ დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებისთვის სამინისტროების შეფასებებს ელოდებიან, თუმცა მთელი ეს პროცესი საჯარო და ღია არაა, რაც თავისთავად პრობლემაა. ამიტომ, ამ პროცესის საჯაროობის მოთხოვნასთან ერთად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ კითხვების დასმა, რომელიც პროცესის სწორად წარმართვისთვის არის საჭირო.
ამავე თემაზე: რა პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს ქალაქის ქაოსური განაშენიანება?
გენ.გეგმის პროექტი, რომელიც უკვე არსებობს და რომლის შეფასებაც მიმდინარეობს, არის თუ არა დღეს რელევანტური? – ესაა, ჩემი აზრით მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გარეშეც გენ.გეგმის უკვე არსებული პროექტის დამტკიცება არ შეიძლება.
ის რაც გაკეთდა 2019 წელს, შეიძლება თუ არა, რომ დამტკიცდეს 2023-2024 წლებში?! 2019 წლის შემდეგ, ქალაქში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მაგალითად, 4 წლის წინ, საკრებულოს შენობის უკან არ იყოს აშენებული კორპუსები, წმინდაწყლის დასახლება არ იყო ასეთი სახით განვითარებული და ვერხვების დასახლებაშიც განსხვავებული ვითარება გვქონდა. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მე პირადად ვფიქრობ, რომ გენ.გეგმის პროექტი თავიდან არის შესამუშავებელი და თუ საკრებულო 2019 წელს შემუშავებულ დოკუმენტს, დღევანდელ რეალობასთან დადარების გარეშე მიიღებს, დანაშაული იქნება.
არ შეიძლება ექიმთან მივიტანოთ 2019 წელს აღებული ანალიზები და ვუთხრათ, რომ გვიმკურნალოს. თუკი რამდენიმე წლის წინ შემუშავებული სახით მივიღებთ ამ გეგმას, მინიმუმ საჭიროა ექსპერტებისა და გეოლოგების დასკვნა, რომ ის მონაცემები, რის მიხედვითაც კონცეფცია 4 წლის წინ შემუშავდა, დღეს არის იგივე და არ შეცვლილა.
დოკუმენტი მინიმუმ ხელახლა უნდა გადაიხედოს ექსპერტების მიერ და დადგინდეს, არის თუ არა შესაბამისობაში დღევანდელობასთან. თუ არადა ახლიდან არის პროცესი დასაწყები. სამწუხაროა, რომ თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან 2019 წელს დოკუმენტის შემუშავებისთვის დაიხარჯა, შესაძლოა დაკარგულად ჩაითვალოს და მუნიციპალიტეტს, ხელისუფლების გაჭიანურებული და არაეფექტური მუშაობის გამო, ყველა ხარჯის განმეორებით გაღება დასჭირდეს.
ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?
ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ამ საკითხზე საუბრისას, არის მოქალაქეების ჩართულობა.
საზოგადოების ჩართულობის ხარისხი მთელ ამ პროცესში ნულის ტოლია. ფაქტობრივად, საზოგადოება არ მონაწილეობს ამაში. არადა, ხანდახან მოქალაქეებმა უკეთ იციან, სად როგორი ნიადაგი როგორია, რა პრობლემებია, რა პროცესებია დაწყებული. ამიტომ საჭიროა მათთან მისვლა, დალაპარაკება და ქალაქის განაშენიანების დაგეგმვისას, მათი მოსაზრებების გათვალისწინება. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობის ხარისხი, რაც სრულად გამორიცხულია ყველა პროცესში, რაც კი დღეს მუნიციპალიტეტში ხდება.
ყველანი ვხედავთ, რომ წმინდაწყლის დასახლება არის ძალიან დატვირთული, ქალაქის ცენტრი მეტ-ნაკლებად, დანარჩენი დასახლებები კი ფაქტობრივად მიყურისძირებულია. ასევე ვხედავთ, რა ხდება ვერხვების დასახლებაში, სადაც მთები ისე იჭრება, რომ მოსალოდნელ საფრთხეებზე არავინ ფიქრობს. ერთხელ რომ ძლიერი წვიმა მოვიდეს და წყალი წამოვიდეს წყალი, რა შედეგი დადგება? – ამგვარ კითხვებზე პასუხებიც ხელისუფლებას ჩვენ უნდა მოვთხოვოთ.
და თუ ხელისუფლება არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას, იზრუნოს ქალაქის უსაფრთხო და თანმიმდევრულ განაშენიანებაზე, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გარკვეული სამართლებრივი გზა, რათა ეს პროცესები შეჩერდეს და რაც მთავარია, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ მათ გარშემო მიმდინარე მშენებლობები, სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებები, მწვანე სივრცეების განადგურება საბოლოოდ მათი ცხოვრების ხარიხს ამცირებს და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს ქმნის.