ხაშურელი ძმებმი 15 წლის ირაკლი და 16 წლის ლუკა კვინიკაძეები 6 მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავენ. ფანდური, გიტარა, სალამური, ფორტეპიანო, დოლი, ტამტამი – ამ საკრავების ათვისება ბიჭებმა დამოუკიდებლად, პედაგოგის გარეშე შეძლეს.
ამბობენ, რომ მუსიკალური ოჯახი ჰყავთ და რომ მუსიკით მათი დაინტერესება ერთგავარად, ოჯახური ტრადიციის გაგარძელებაა. ქართულ-ხალხურ საკრავებზე უკრავდა ბიჭების ბებიაც, ბაბუაც და შემდეგ უკვე, მათი მშობლებიც.
“4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ოთხი წლის იყო ქართული ხალხური საკრავების გაცნობა რომ დავიწყეთ. პირველად ფანურზე დაკვრა ვცადეთ. დედამ გვიყიდა და დავიწყეთ მშობლებთან ერთად სწავლა. რამდენიმე აკორდი დედამ გვასწავლა, შემდეგ ინტერნეტით ვისწავლეთ. პირველად აჭარული გავაკეთეთ. შემდეგ სხვა საკრავებითაც დავინტერესდით. რასაც მე ვსწავლობდი, ჩემს ძმას ვასწავლიდი, ის რასაც ისწავლიდა – მე და ასე შევითვისეთ 6 საკრავზე დაკვრა, – ამბობს ირაკლი.
უკრავენ ყველანაირ მუსიკას და ყველა მიმდინარეობას. უყვართ ექსპერიმენტები და ხშირად საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევენ მელოდიას.
“ნებისმიერ მელოდიას ვუკრავ ერთ სიმზე. არ არსებობს მუსიკა, რომელსაც ვერ ავაწყობთ. ჩვენი ინტერპრეტაციით ვაკეთებთ ცნობილ მელოდიებს, რომელიც სრულიად ახალი გამოდის, არ ვიცი, ეს როგორ ხდება, ხელოვნების სიყვარული გვაკეთებინებს. ზაფხულში იტალიას ვსტუმრობდით, სადაც ემიგრანტებისთვის ჩვენი მუსიკალური ნომრები გავიტანეთ, ყველაზე კარგი გრძნობა იყო მათთვის სიმღერა”, – ამბობს ლუკა.
მუსიკის სიყვარულმა ლუკა და ირაკლი ქორეოგრაფიას დაახლოვა. ცეკვაზე სიარული ჯერ ლუკამ დაიწყო. მალევე კი, ძმის ცეკვით წახალისებული ირაკლი ანსამბლის წევრი გახდა.
“ცეკვაზე მისვლა არ მიფიქრია. დედამ დარეკა ქორეოგრაფთან და ასე მოვხვდი ამ დიდ ოჯახში. მახსოვს საწყისი პერიოდი, ბავშვებს ვუყურებდი, როგორ ფანტასტიურად ცეკვავდნენ, მე კიდევ არაფერი არ გამომდიოდა. ბევრი დრო და ენერგია დამჭირდა, ახლა კი სოლო პარტიებიც მაქვს. გასტროლზე ჩემი ძმა გავიყოლე, ისე მოიხიბლა ჩვენი ყურებით, გადაწყვიტა მასაც ეცადა თავისი შესაძლებლობები. ახლა ორივე “ოქროს ფარში” ვცეკვავთ. 7-8 საათს ისე ვატარებთ სარეპეტიციოში, დროის გასვლას ვერ ვგრძნობთ. ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს და საკუთარი გრძნობების და ემოციების გადმოცემის საშუალებას მაძლევს” – ამბობს ლუკა.
ირაკლის პროფესია ჯერ არ შეურჩევია, ლუკა კი კულინარიითაა გატაცებული. ფიქრობს, რომ ცეკვასთან და სიმღერასთან ერთად, მის ცხოვრებაში მალე კიდევ ერთი საქმე გაჩნდება.