ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
მისი განცხადებით, ბოლო 2 თვეში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები.
“წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა რიგი ინციდენტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია. 3 ივლისიდან 11 სექტემბრამდე უკანონოდ დააკავეს 12 ჩვენი თანამოქალაქე. დღეისთვის, ყველა მათგანი იმყოფება საკუთარ ოჯახში. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციას, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 14 შემთხვევა”, – განაცხადა ანთაძემ.