“ბავშვის დაბადებამ მომცა ფოტოკამერის შეძენის მოტივაცია, იქამდე ტელეფონით ვიღებდი”, – გვითხრა ბესარიონ ჩახვაძემ, რომელსაც როგორც თავად ამბობს, მაშინ გეგმაშიც არ ჰქონია, რომ ფოტოგრაფია საკუთარი ცხოვრების ნაწილად და პროფესიად ექცია.
14 წლის წინ, შვილისთვის ფოტოების გადასაღებად შეძენილი ფოტოკამერით ბესარიონი გამორჩეულ და ბედნიერ მომენტებს იღებდა და როგორც გვითხრა, ამ პროცესმა მას საკუთარ თავში იმ მივიწყებული ნიჭის არსებობა გაახსენა, რომელსაც ჯერ კიდევ პატარაობაში ამჩნევდა ხოლმე.
“ბავშვობიდან მქონდა ხატვის ნიჭი, ვიყავი თვითნასწავლი. ზოგ რამეს განსხვავებულად ვხედავდი და ბევრ დეტალებს ვამჩნევდი, რომლებსაც სხვები ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ”.
სწორედ დეტალებზე კონცენტრირების უნარი დაეხმარა, რომ პირველი აპარატით უამრავი ლამაზი კადრი გადაეღო და სამახსოვროდ შემოენახა.
“14 წლის წინ, ბავშვი რომ გვეყოლა, მინდოდა მნიშვნელოვანი მომენტები დამეფიქსირებინა. მერე უკვე, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირების გარდა, კვირაობით გავდიოდი ბუნებაში და საინტერესო პეიზაჟებს ვიღებდი”, – გვითხრა ბესარიონმა და იქვე დაამატა, პროფესიონალური საქმიანობა ოდნავ მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით დავიწყეო.
ამაზე საუბარში, ბესარიონმა ის დღეც გაიხსენა, როცა მეგობარმა დაურეკა, საკუთარი შვილის ჯვრისწერის გადაღება სთხოვა და რის შემდეგაც, იგივე თხოვნით მის ტელეფონზე ზარებმა იმატა.
“მეგობრის შვილის ჯვრისწერა გადავიღე მისი თხოვნით. ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და შემომთავაზეს შეკვეთის აღება, რასაც არც მოველოდი და უარი ვუთხარი, რადგან მქონდა სხვა სამსახური და არც ვიყავი ჩამოყალიბებული, როგორც პროფესიონალი.”
ბესარიონს ახლა უკვე საკუთარი სტუდია აქვს, რომელიც 8 წლის წინ გახსნა. სტუდია საწყის ეტაპზე საბავშვო და საოჯახო ფოტოსესიებზე იყო გათვლილი.
“ამ დროის განმავლობაში, მონაწილეობა მაქვს მიღებული, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კონკურსებში. აღებული მაქვს საპრიზო, ზოგ კონკურსში პირველი ადგილები. ჩემი ზოგიერთი ნამუშევარი არის დაბეჭდილი ცნობილ კატალოგებში”.
ფოტოგრაფია ახლა ბესარიონის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბობს, რომ თავისი საქმე უყვარს, თუმცა წუხს, რომ კომერციული რუტინის გამო, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მოგზაურობას და პეიზაჟების გადაღებას ვეღარ ახერხებს.