ახალი ამბები

საცეკვაო ხანჯლებით ემუქრებოდა – რა ხდება ხაშურელ ქორეოგრაფსა და აქტივისტს შორის?

ხაშურელ ქორეოგრაფსა და სამოქალაქო აქტივისტს შორის, სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კამათი, რომელიც ხაშურელი ბიზნესმენის და საკრებულოს თავმჯდომარის ლევან გამრეკელის შესახებ აზრთასხვადასხვაობით დაიწყო, მუქარითა და შეურაცხყოფით გაგრძელდა. 

“ელენე რატიანი ხანჯლებით მიუვარდა ზაზა მეხრიშვილის და ფეისბუქიდან იმ პოსტის აღებას ითხოვდა, რომელიც მეხრიშვილმა მასზე და ნონა თედიაშვილზე გამოაქვეყნა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

წყაროს ცნობით, კონფლიქტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო. მათი თქმით, საუბარი იყო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ პოსტზე, სადაც ზაზა მეხრიშვილი ნონა თედიაშვილს, როგორც ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ოქროს ფარის” ხელმძღვანელს აქებდა და ასევე ანიმაციაზე, რომელიც ელენე რატიანის შეფასებით, მისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მეხრიშვილმა ეს პოსტი და ანიმაცია მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ელენე რატიანმა ადგილობრივი ხელისუფლება ქორეოგრაფიული ჯგუფების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. 

კერძოდ, თითქმის ორი კვირაა, ელენე რატიანი ამბობს, რომ  ნონა თედიაშვილისგან განსხვავებით, მისი ანსამბლის გასტროლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მათ შორის არც ლევან გამრეკელმა არ დააფინანსა. ამის გამო, რატიანმა გამრეკელს მატყუარა უწოდა. სწორედ ამით დაიწყო დაპირისპირება ქორეოგრაფსა და სამოქალაქო აქტივისტს შორის, რადგან ზაზა მეხრიშვილის თქმით, გამრეკელი მსგავს კრიტიკას არ იმსახურებდა.

დატოვეთ კომენტარი