“ჩვენს პროფესიაში ყოფნა ნიშნავს უანგარო და უპირობო სიყვარულს ცხოველების მიმართ”, – ამბობს 21 წლის ვეტერინარი, რომელიც ხაშურში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს.
დავით რობაქიძე ახალგაზრდა ვეტერინარია, რომელიც წლებია შინაურ ცხოველებს მკურნალობს. დავითს განსაკუთრებით მიუსაფარი ცხოველები ადარდებს და როგორც თავად ამბობს, მათი მოვლა-პატრონობა საკუთარ მისიად ბავშვობაშივე გაიხადა – აჭმევდა და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებასაც უწევდა.
“როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარდა ცხოველები. ოჯახში სულ გვყავდა სხვადასხვა შინაური ცხოველი და ფრინველი. პატარა ასაკში სულ მქონდა ხოლმე პროტესტი, როდესაც ჩემ გაზრდილ შინაურ ფრინველებს გააჩუქებდნენ და სხვებს აძლევდნენ. ამის გამო, ერთხელ სახლიდან გავიქეცი, ბევრი ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა მყვარებოდა ისეთი შინაური ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, მაგრამ მე მიყვარდა და უდიდეს პროტესტს გამოვთქვამდი, თუ დაკვლის საფრთხე დგებოდა. ხშირად ყოფილა, როდესაც ქუჩიდან ამიყვანია ძაღლი და მიპატრონია, ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც”, – გვიყვება დავითი.
სკოლის დასრუების შემდეგ, დავითმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის მიმართულებით დაიწყო, თუმცა ცხოველების მიმართ მისი სიყვარული არ განელებულა. გამომდინარე იქიდან, რომ ხაშურში ბევრი მიუსაფარი ცხოველი იყო, რომელსაც სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ვეტერინარი გამხდარიყო.
“ბავშვობიდან ქიმია ძალიან მიყვარდა, ამიტომ ჯავახიშვილში ეს მიმართულება ავირჩიე და ერთი კურსი ვისწავლე. ამ დროს ხაშურში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობა იყო, კლინიკას არ ჰყავდა კადრები, რომელიც მათ საჭირო კვლევებს ჩაუტარებდა, გადასხმას დაუდგამდა. ვინაიდან დედა ვეტერინარია, მასთან ერთად დავიწყე ამ პროფესიის ათვისება, თავიდან მხოლოდ იმიტომ, რომ დავხმარებოდი, შემდეგ უკვე პროფესიული კურსიც გავიარე, ვისწავლე და გავხდი ვეტერინარი”.
დავითი ახლა უმცროსი ვეტერინარ სპეციალისტია, სერთიფიცირება აქვს ფართო პროფილის ვეტერინარიაზე, რაც გულისხმობს ნებისმიერი ცხოველის მკურნალობას.
“ჩემი ოჯახის წევრები სულ მეუბნებოდნენ, რომ ჩემგან კარგი ვეტერინარი გამოვიდოდა, დედაჩემიც ამ პროფესიაშია და სიმართლე გითხრათ, არ ურჩევია, რომ ეს გზა ამერჩია, რადგან იცოდა, როგორი რთული იყო და ალბათ ამიტომ. ეს არის მუდმივი სტრესი, როდესაც ვერ შველი პაციენტს და იღუპება, ან ისეთი დაავადება აქვს, რომ იტანჯება, თუმცა რა თქმა უნდა, გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული ცხოველიც არაერთია და ეს გახარებს, მაგრამ საერთო ჯამში გცვლის ექიმის პროფესია. არ არსებობს დღე, ღამე მუდმივად ჩართული ხარ და ალბათ ამისთვის ჩემი გამეტება არ უნდოდა, თუმცა ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვემსახურები კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც ცხოველების მოვლა-პატრონობა ჰქვია”.
დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას უსახლკარო ცხოველებს უთმობს, აწუხებს მათი ბედი და ამბობს, რომ ეს მოცემულობა, რაც ახლაა, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ბრალია.
“უნდა გავიაზროთ, რომ ეს ცხოველები თვითონ არ გაჩენილან ქუჩაში. ყველა ცხოველთმოყვარეს გვინდა, რომ შინაური ოთხფეხა მეგობრები იყვნენ დაცულები, ჯანმრთელები, ჰქონდეთ თავშესაფარი და ჰყავდეთ ერთგული პატრონი. ხშირად ზუსტად ის ადამიანები გამოთქვამენ ქუჩის ძაღლებზე პრეტენზიას, რომლებმაც თავად გამოაგდეს ქუჩაში ცხოველი. სამწუხაროდ, ცნოებიერების პრობლემას ვხედავ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ის, ვინც აიყვანს ძაღლს ან კატას, უნდა ესმოდეს, რომ სულ ლეკვი ვერ იქნება, ის გაიზრდება და სხვადასხვა საჭიროება გაუჩნდება. როდესაც ეს საჭიროება უჩნდება, ისინიც გარეთ გამოსვამენ და პასუხისმგებობისგან თავს ითავისუფლებენ, ეს უნდა აღმოიფხვრას, ასეთი ფაქტები აღარ უნდა მოხდეს და ნაკლები უპატრონო ცხოველი გვეყოლება”, – აღნიშნავს დავითი.
დავითი ვეტერინარიის მიმართულებით სამაგისტრო კურსის გავლას აპირებს. ამბობს, რომ ამ პროფესიაში ყოფნა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობას და განვითარებას მოითხოვს.