სტატიები

“მეორადი ტანსაცმლის მეტი არაფერი მაქვს და მეუბნებიან, არ გაყიდოო” – გორელი გარემოვაჭრეების ამბავი

“ამ პატარა ეტლით დავდივარ, მეორადი ტანსსაცმლის მეტი არაფერი მაქვს და ამაზე მეუბნებიან, რომ არ უნდა გაყიდოო. 10 წელია ასე ვარ, ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ფატი ფარეხელაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია გორის მერიისა და ახლა უკვე გორის მუნიციპალურ ინსპექციის აკრძალვის მიუხედავად, გურამიშვილის ქუჩაზე ვაჭრობის გაგრძელებას მაინც ცდილობს.

ფატი ამბობს, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და  გარევაჭრობით ნაშოვნი თანხაა, რომელსაც ავადმყოფი შვილების მკურნალობას ახმარს. 

“სოციალური დახმარება არ მაქვს, არც არასდროს მქონია. სამი წლის წინ იყო სოციალური სამსახურიდან გოგო და ორი ქათამი და ჭიისგან შეჭმული კარადა ჩამიწერა, ანტიკვარიატიაო. მაგ ერთხელ დავწერე განცხადება და უარი მომივიდა, მაღალი ქულები გაქვსო. მეორადების მაღაზიები მჩუქნიან ხოლმე ტანსაცმელს, რომ გავყიდო, იციან ჩემი მდგომარეობა და მეხმარებიან. ვყიდი, ხოლმე 1 ლარში და 2 ლარში”, – ამბობს ფატი. 

ფატის მსგავსად, გურამიშვილის ქუჩაზე ათამდე ქალი ვაჭრობს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სამუშაოდ იძულებით გადმოვიდნენ, რადგან რამდენიმე წლის წინ, გორის მერიამ მათ ყოფილი ავტოსადგურისა და ძველი ბაზრის ტერიტორებზე ვაჭრობა აუკრძალა. 

“ადრე ამ ქალმა 100 ლარი მასესხა, თვალის ოპერაცია გავიკეთე და უკან აღარ გამომართვა, ძალიან კარგი ქალია”, – გვეუბნება ფატი და ხელით მის გვერდით მჯდომ ქალზე გვანიშნებს. 

“წეღან, რომ წაიქცა და თავი დაარტყა, სასწრაფოს არ გაყვა, რომ თავზე გადაეღო, იმიტომ რომ ფული არ აქვს, საიდან ექნება, ლარიანი არ უდევს ახლა ჩანთაში”, – საუბარში ჩაერთო მარიკა გაგლოშვილი, რომელიც სხვა მოვაჭრეების მსგავსად, წლებია არ ემორჩილება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ტერიტორიას არ ტოვებს. 

ამავე თემაზე: დაპირისპირება გორში – გურამიშვილის ქუჩაზე  ერთ-ერთი გარემოვაჭრე დაშავდა 

მარიკა ამბობს, რომ სახლში ავადმყოფი შვილი და დედა ჰყავს, რომლებსაც ყოველთვიურად მედიკამენტები და მკურნალობა სჭირდებათ.  

“76 წლის დედა მყავს, დიაბეტითაა ავად. ჩავიდა მერიაში, დაწერა განცხადება, რომ მედიკამენტებზე შეღავათი ჰქონოდა, რომ არ მოუვიდა პასუხი, მიაკითხა და ასე უთხრეს, მაღალი ქულები გაქვსო. რა მაღალი ქულები აქვს, მთელი ცხოვრება რაც იშრომა, მაგით სახლი იყიდა და გაყიდოს ახლა ის სახლი, რომ მერე დაჯდეს და დაელოდოს წამლებს როდის დაუფინანსებენ?”, – ამბობს მარინა გაგლოშვილი.

მარიკა გაგლოშვილი

“აი, უყურეთ პოლიციელების გუშინდელი ნამოქმედარი”, – გვეუბნება ის და ჩალურჯებულ ხელს გვაჩვენებს. მისი თქმით, აღნიშნული დაზიანება პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისას მიიღო. 

მარიკა გვიხნის, რატომ არ თანხმდება მერიის შეთავაზებას, ივაჭროს ახალ ბაზარში. 

“ერთი წელი უფასოდ იქნებითო და ერთი წლის მერე რითი გადავიხადო? რომ ვერ ვივაჭრებთ იქ, იმიტომ არ გადავდივართ, თორემ პირადად ჩემთვის უფრო ადვილია, ახლოს ვცხოვრობ ახალ ბაზართან, მაგრამ არ არის იქ ვაჭრობა”, – ამბობს მარიკა. 

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა, 19 აგვისტოს კი, სამართალდამცვებთან ერთად ტერიტორიაზე მისულ მოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება აღარ მისცეს და კუთვნილი დახლები აუშალეს. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, ილია რაზმაძე ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთი გარემოვაჭრე არ დაუჯარიმებიათ. 

ამავე თემაზე: “უკანონო საქმიანობა და ქალაქის იერსახის დამახინჯება” – გორის მერია გარევაჭრობის წინააღმდეგ 

გარემოვაჭრეების ნაწილი დღეს გორის მერს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გვითხრეს, გურამიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.