სტატიები

კომპანია, რომელსაც ვაყაში მდინარის ნაპირების გამაგრება სურდა, ხაშურის მერიას უჩივის 

შპს “ბაბილო კომპანი” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში უჩივის. აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც დისკვალიფიკაცია მიენიჭა არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. 

კომპანიამ ხაშურის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა, რომ გაუქმდეს მერიის გადაწყვეტილება. 

“სატენდერო პირობის 2.2.1. საფუძველზე წარმოვადგინეთ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც სატენდერო კომისიამ მიიჩნია მცდარ ინფორმაციად და მოგვცა დისკვალიფიკაცია.  „ბაბილო კომპანის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პრეტედენტის გამოცდილების შესახებ ხელმოწერილია შპს“ ბაბილო კომპანის” მინდობილი პირის გაგა ქურასბედიანის მიერ, თუმცა იგი ხელს აწერს როგორც გამა + ის დირექტორი”, – ნათქვამია საჩივარში. 

კომპანია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედება არ ჩაუდენია და ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით სხვა ტენდერებშიც მიუღია მონაწილეობა. 

აღსანიშნავია, რომ შპს “ბაბილო კომპანის” გარდა ხაშურის მერიის ტენდერში კიდევ ერთი კომპანია, შპს “ნიუ ჩინიც” მონაწილეობდა, რომელსაც ასევე მიენიჭა დისკვალიფიკაცია. 

“მას შემდეგ რაც შპს “ნიუ ჩინს“ მიენიჭა დისკვალიფიკაცია და შპს „ბაბილო კომპანი“ გახდა მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების ავტორი. მან ელექტრონულ ველში ატვირთა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით შპს “ბაბილო კომპანის“ მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ტენდერებშიც და შემსყიდველის მხრიდან გამოდცილების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან მიმართებით პრეტენზია არ ყოფილა განცხადებული”, – განმარტავს კომპანია დავების საბჭოში წარდგენილ საჩივარში. 

დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი 10 აგვისტოს განიხილა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ გასაჯაროვებულა. 

აღსანიშნავია, რომ ხაშურის მერიამ სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხების მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 20 აგვისტოდან შეეძლებათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.