ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 14 სახლი აშენდა.
სამინისტროს ცნობით, 80 კვადრატულამდე მეტრი ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ.
სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
“ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სახლების მიღების მოთხოვნით დევნილთა რეგისტრაცია ერთი თვის წინ დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდა. განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ნებისმიერ დევნილ ოჯახს შეეძლო.