გორის ერთ-ერთ სკოლაში გასაუბრებაზე გასული კონკურსანტი, საგანმანათლებლო დაწესებულებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. თეონა ბერიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ გასაუბრებაზე მივიდა გორის მე-7 საჯარო სკოლაში, სადაც სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსი იყო გამოცხადებული.
გასაუბრებას აღნიშნული სკოლის, განათლების სამინისტროს და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ვიყავით 4 კანდიდატი. გასაუბრებამ ჩაიარა უბრწყინვალესად. რამდენიმე დღეში მომდის მეილზე პასუხი, რომ ჩემი კანდიდატურა დაიწუნეს. მივწერე, რომ გადმოეგზავნათ გასაუბრების ოქმი, რაზეც მიპასუხეს, რომ თურმე მოქმედი რეგულაციით არ იყვნენ ვალდებულები ოქმი შეედგინათ, უტიფრად მაყარეს თვალში ნაცარი. გადავრეკე სამინისტროში, მკითხეს რომელ სკოლაში იყავი გასაუბრებაზეო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დასახელებისგან – მეთქი, უბრალოდ მითხარით არიან თუ არა ვალდებულნი ოქმი შეადგინონ მეთქი (ჩემ ჭკუაში შევიცოდე კიდეც სკოლა და არ დავასახელე), მერე კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ გადმოეგზავნათ ოქმი თუმცა თავები გამოიშტერეს და მწერენ თუ შეიძლება გვითხარით რა ოქმს ითხოვთო”, – ამბობს თეონა.
თეონას თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა საქმის კურსში ჩაეყენებინა “მასწავლებელთა სახლი”, რის შემდეგად სკოლამ მას, მის მიერ მოთხოვნილი ოქმი გადმოუგზავნა. მისი თქმით, ოქმში განმარტებული მიზეზი, რის გამოც ამავე სკოლაში მომუშავე მასწავლებელი აირჩიეს და არა სხვა კონკურსანტი, ნეპოტიზმია.
“დღეს, ოქმი მომივიდა, ვინც აიყვანეს მასზე წერენ, რომ არის მათი სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, პუნქტუალური და 2 შვილი სამაგალითო დედა. სპეციალური მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი თუ სამაგალითო დედობაა არ ვიცოდი, ანუ შუაზე რომ ვიხევი ეს სამი წელია და ყველანაირად ვცდილობ ყველაფერი ვისწავლო, რომ ბავშვებს მაქსიმალური განვითარება მივცე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სულ არ აინტერესებთ”, – ამბობს ბერიკაშვილი.
ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების აზრი ორად გაიყო, კონკურსში მონაწილე ოთხი კანდიდატიდან თეონა ბერიკაშვილს კომისიის ორმა წევრმა დაუჭირა მხარი, განათლებისა და მეცნიერების მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა. მათვე მისცეს კომისიის სხვა წევრებს რეკომენდაცია, რომ აერჩიათ თეონა ბერიკაშვილის კანდიდატურა, თუმცა სკოლის 6-მა და ერთმა მოწვეულმა წევრმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ამავე სკოლაში მომუშავე კანდიდატზე შეაჩერეს არჩევანი.
“კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მასწაველებელი სკოლაში მუშაობს წლების განმავლობაში, მუშაობდა გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად. ბოლო ერთი წელია, კონკურსის საფუძველზე დანიშნულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტად. არის დისციპლინური, კომუნიკაბელური, ჩაბარებული აქვს უფროსი მასწავლებლის სპეციალური გამოცდა. არის სამაგალითო დედა, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის 2 გოგონას…” , – წერია ოქმში.
თეონა ამბობს, რომ მასწავლებელთა განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას იმ მონაწილეების საკონტაქტო ნომრების გაგზავნა სთხოვა, რომელიც მათ შეარჩიეს და სკოლამ დაიწუნა, რადგან მათი რესურსი საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ, თუმცა მისთვის საკონტაქტო ნომრები არ მიუწოდებიათ.
თეონა ამბობს, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.