17 წლის შემდეგ დავბრუნდი მამა-პაპისეულ სახლში და გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფელ დირბში მზესუმზირის მცირე საწარმო დავაარსე, – ამბობს 33 წლის სოფიო მურაჩაშვილი, რომელმაც საზოგადოება “ბილიკის” ხელშეწყობით და “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით დიდი ხნის ოცნება აიხდინა და აჯიკიანი მზესუმზირის წარმოება დაიწყო.
“ძალიან მიყვარდა მზესუმზირის სხვადასხვა სანელებლებთან ერთად მოხალვა. ვაკეთებდი ხოლმე სახლში, მეგობრებისთვის და ძალიან მოსწონდათ, მეუბნებოდნენ ამ საქმისთის სერიოზულად მომეკიდა ხელი, თუმცა მე ცოტა არარეალურად, სიგიჟედ მეჩვენებოდა. დაახლოებით 5-წლიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა და მივიღე კონკურსში მონაწილეობა, მივიღე გრანტი და როგორც ხედავთ, ჩემი დიდიხნის ოცნება ასრულდა”, – ამბობს სოფო.
სოფო სკოლის დამთავრების შემდეგ სოფლიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ მშობლიურ მხარეს მხოლოდ არდადეგებზე სტუმრობდა. გრანტის მიღებამდე, არ უფიქრია, რომ უკან დაბრუნდებოდა.
“არც კი მიფიქრია, რომ სოფელში დავბრუნდებოდი, სურვილიც არ მქონდა. ახლა კიდევ საკუთარი ხელებით ვათეთრებ იმ სახლის კედლებს და ჭერს, რომელშიც გავიზარდე და საუკეთესო ბავშვობა გავატარე. ჩემი საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია ყველაფერი მოვაწყო ისე, როგორც სტანდარტებს შეეფერება. ვაკეთებ ჩემი გემოვნებით და სურვილით, როგორც მინდა და მომწონს. ამ საქმის წამოწყებამ მე ჩემს სოფელში დამაბრუნა და ძალიან მინდა ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი დაბრუნდეს და მშობლიურ მიწაზე დაიწყონ რაიმე ახლის კეთება, თუნდაც მცირედით”, – გვიყვება სოფო.
სოფომ საჭირო ტექნიკა უკვე შეიძინა, შემდეგი ეტაპი ეტიკეტირება, მზესუმზირის წარმოება და რეალიზაციაა. მისი სურვილია წარმოება გაფართოვდეს და ადგილობრივები დასაქმდნენ.
“მზადების პროცესშია შესაფუთი მასალა და ეტიკეტი, ახლა უნდა შევიძინო ნედლეული და ჩამოვიტანო სოფელში. ის, რომ ამ სოფელში ვიწყებ ჩემი საქმის განხორციელებას, ვფიქრობ სხვა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია უნდა იყოს. იმედია, მათაც გაუჩნდებათ სურვილი დაბრუნების. თუ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ვგეგმავ, მომავალში ჩემს თანასოფლელებსაც დავასაქმებ”.