“მთელი ცხოვრება ოცნებად მქონდა ფერწერით დავკავებულიყავი და ასაკში მომეცა საშუალება შემეძინა მასალა და მეკეთებინა საყვარელი საქმე”, – ამბობს სოსო ლომიტაშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი შესაძლებლობები მხატვრობაში მოსინჯა.
სოსო ამბობს, რომ ხატვა ყოვეთვის უყვარდა, თუმცა მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ამას ვერ ახერხებდა.
“ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურებში, მიწევდა ფიზიკური შრომა ბაღებში. ოჯახს იმდენი რაღაც სჭირდებოდა, დღე და ღამე შრომაში ვიყავი, ხატვისთვის არ მეცალა”, – იხსენებს სოსო.
სოსოს ხატვის სოყვარული დედისგან გამოჰყვა. მისი თქმით, დედას ხატვის საოცარი ნიჭი ჰქონდა და ამ პროცესში მისი ყურება განსაკუთრებით უყვარდა.
“ყველაფერს ვხატავ, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, რაც მომინდება, დედაჩემს ჰქონდა ნიჭი ხშირად ხატავდა ხოლმე, მეც მისგან გამომყვა მემკვიდრეობით”.
სოსო ნამუშევრებს ზეთის საღებავებით ქმნის, დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად ცდილობს თავისუფალ დროს ხატვით დაკავდეს, ეს მისთვის ერთგვარი თერაპიაცაა.
“ვხატავ ზეთის საღებავებით, ტილო არ მაქვს და “დსპ” მივიყვან ხოლმე იმ კონდენციამდე, რომ დავხატო. სახლში საქმეს რა გამოლევს, უამრავი სამუშაო მაქვს, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდება, ვხატავ. ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი გაჩუქებული მაქვს ახლობლებზე”.
სოსომ ეზოს დეკორაციების დამზადებაც დაიწყო და როგორც გვითხრა, საკუთარი ხელით კარ – მიდამოს გალამაზება განსაკუთრებით მოსწონს.
“ეზოშიც ყველაფერი ჩემი გაკეთებულია ფანტანი, გედები, ცხენი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, მოდიან და სურათებს იღებენ ხოლმე. ბევრი იდეა მაქვს, რომლის სისრულეში მოყვანაც მინდა”.