“ჯერ კიდევ ბავშვობაში სახლში შემოსასვლელ ორღობეში ფარდას გავჭიმავდი ხოლმე და ვდგამდი სპექტაკლებს”, – ამბობს ეკა ბაქრაძე, რომელმაც ხაშურში საბავშვო თეატრალური წრე “აკვარიუმი” შექმნა.
ეკა მთელი ბავშვობა სამსახიობო ხელოვნებით იყო დაინტერესებული, თუმცა პროფესიად მაინც ფილოლოგია აირჩა. ამბობს, რომ ასე დიდწილად ოჯახის შგონებით გადაწყვიტა.
“პატარა ძმები მყავდა, გამოვაწყობდი ხოლმე ხან ქალის კაბაში, ხან კაცის სამოსში და ვათამაშებდი ზღაპრებს ,რომელსაც მე დავასპექტაკლებდი. ძალიან მიყვარდა ეს შინაგანად, მაგრამ ოჯახმა არ გამიშვა ამ მიმართულებით და გავხდი ფილოლოგი”, – იხსენებს ეკა.
ეკამ სწავლის პარალელურად, თბილისში ხელოვანი ადამიანები შემოიკრიბა და სალონური საღამოების გაკეთება დაიწყო. ამბობს, რომ თეატრი და სამსახიობო ხელოვნება იმდენად ახლოსაა მასთან, რომ ამ მიმართულებით განვითარებაზე უარი არასდროს უთქვამს.
“შევკარი ხელოვანების ჯგუფი თბილისში და მათი დახმარებით შეხვედრებს ვაკეთებდი. პოეზიის სპექტაკლები მაშინ ახალი ხილი იყო. ვრეპეტიციობდით ჩემთან სახლში გვიანობამდე და საინტერესო ღონისძიებებს ვაწყობდით. მე აქ უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც დამეხმარა იმაში, რომ ხაშურში დაბრუნებულს ახალი საქმე წამომეწყო”, – გვიყვება ის.
დაახლოებით 15 წლის წინ ეკამ საბავშვო თეატრალური წრე დაარსა ხაშურში, სადაც ადგილობრივ ბავშვებს მხატვრულ კითხვას სწავლობენ.
“რომ ჩამოვედი, ჯერ სკოლაში ვმუშაობდი, მერე გამიჩნდა იდეა, ჩემი გამოცდილება ბავშვებთან გამომეყენებინა, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს. თავიდან მხოლოდ ლექსების მხატვრული კითხვით შემოვიფარგლე. ბავშვების მონდომებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ – ნაბიჯ სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ. დავიწყეთ პიესებზე მუშაობა. პირველი პიესა იყო ჩემი, რომელიც მე თავად დავუწერე ბავშვებს. ჩემს რეპერტუარში გახლავთ, “ბედნიერი უფლისწული”, “იავნანამ რა ჰქმნა”, მაიაკოვსკის “ყვავილების ისტორია”, ბიბლიურ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი, რომელშიც ადამ და ევადან მოყოლებული რა გზა გამოიარა კაცობრიობამ, ლექსებად არის გადმოცემული”.
ეკამ საყვარელ საქმეს სივრცე სახლში გამოუყო – სარეპეტიციო, საგრიმიორო და სცენაც საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი.
“საოცრად კითხულობენ და იციან სხვადასხვა შესანიშნავი და გამოჩენილი მწერლები. ჩემი სახლის სივრცე დავუთმე ამ ყველაფერს, ოთახები გავაერთიანე, რომ ვერ ვეტეოდით. აქ არის სარეპეტიციო, აქ ვთამაშობთ სპექტაკლებს, ჩემი და ჩემი შვილის ოთახები გადაქცეულია საგრიმიოროდ. სათავსოები სპეციალურად მათთვის მაქვს გაკეთებული. მე მათ თევზებს ვუწოდებ, რომლებიც ამ ჩემი პატარა აკვარიუმიდან დიდ ოკეანეში გაცურავენ და მე ბედნიერი ვიქნები, რომ ამ ლაღ თავისუფალ სრიალში ჩემი წვლილიც იქნება. მართალია, ყველა მსახიობი არ გამოვა, მაგრამ ესენი იქნებიან, გემოვნებიანი მკითხველები, მსენელები და შემფასებლები”.
ეკამ ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი კრებული 1987 წელს გამოიცა, ამაჟამად მას 6 კრებული აქვს გამოცემული.