ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, ერთ-ერთი ადგილობრივი ახლად მოწყობილ საყრდენ კედელს საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ლია ლაცაბიძე ამბობს, რომ მის ეზოსთან გავლილი კედელი იმდენად დადაბლებულია, რომ გადმოვარდნის საშიშროება არსებობს.
მისი თქმით, ძველი აშენებული კედელი მის ეზოს უსწორდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში გზამ დაიწია, საყრდენი კედელი კი ჩამოიშალა.
“1986 წელში ავაშენეთ საყრდენი კედელი, რომელიც ეზოს უსწორდებოდა და გზას ხელს არ უშლიდა. მას შემდეგ, რაც დაიწყო მშენებლობები, მიწა “დაჯდა”, საყრდენი კედელი 27 დეკემბერს, ღამის 2 საათზე გადავარდა. ჩაიკეტა სოფლის გზა, რაზეც რეაგირება მალევე მოხდა, ჩვენს დეპუტატს დავურეკე თუ არა, დილითვე მოვიდნენ და გზა გაწმინდეს. 7 თვე ველოდეთ, დაიწყეს მშენებლობა, აშენდა კიდეც, თუმცა მთლიანად არა, ჯებირი ნორმალურად გაკეთდა, მაგრამ ჩემი საყრდენი კედელი, რომელიც ეზოს უსწორდეობოდა, ახლა არის ძალიან დაბლა”, – ამბობს ლია.
მისი თქმით, ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილსაც ესაუბრა, თუმცა მერმა მას დახმარებაზე უარი უთხრა.
“ჩავედი და ვთხოვე, თენგიზ ჩიტიაშვილს, რომ დამხმარებოდა, მან კი ასეთი პასუხი გამცა: მადლობის სათქმელად მეგონე მოსულიო, ქვიშხეთელები უმადურები ხართ, 100 ათაისანი საქმე გაგიკეთეთ და მოაჯირიც არ გინდა, რომ გააკეთოო? თენგიზ ჩიტიაშვილი ფიქრობს, ალბათ რომ საკუთარი ჯიბიდან გადმომირიცხა ფული ამის მშენებლობაზე. ჩემი გადასახედებიდან დაქვითული ფულით კეთდება ასეთი საქმეები. ორი წლის შვილიშვლი მყავს, რომ გადავარდეს ამხელა სიმაღლიდან რას მეტყვის მერე ჩიტიაშვილი? კიდევ დარჩენილია რაღაც კედლის ნაწილი, რომელიც შეიძლება გადავარდეს და მაგაზეც ვუთხარი, მაგრამ ასეთი პასუხი გამცეს: ეგ მომავალმა მთავრობამ გააკეთოსო. ალბათ, იმედი არა აქვთ, რომ დარჩებიან”, – ამბობს ლია ლაცაბიძე.
ინფორმაციისთვის, საყრდენი კედელი სოფელ ქვიშხეთში ლაცაბიძეების უბანში მდებარეობს. კედელი არსებულ ბეტონის საფარიანი საუბნო გზის გასწვრივაა და მისი დანიშნულება საუბნო გზის და საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიის ჩამოშლისგან დაცვაა. იგი წარმოადგენს ზედა მხრის საყრდენ კედელს. მის აღსადგენად მერიამ 105 000 ლარი გამოყო, სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.