გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაჯილდოვდა.
ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, ზუკა პაპუაშვილმა ეს ჯილდო სპექტაკლის “ქეიფი სოლოლაკში” მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო.
“ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, დაჯილდოვდა ერისთავის თეატრის სპექტაკლში ,, ქეიფი სოლოლაკში” მთავარი როლის (კოტე აფხაზი) შემსრულებელი ზუკა პაპუაშვილი. ვულოცავთ გორის თეატრს, ზუკა პაპუაშვილსა და სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს ამ წარმატებას”, – წერს თეატრის ადმინისტრაცია.