სტატიები

შესრულებული სამუშაოების გადასაღებად, გორის და ხაშურის მერიები ფოტოგრაფს 12 500 ლარს უხდიან

გორისა და ხაშურის მერიები განახლებული რეგიონის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტომომსახურებაში 12 500 ლარს გადაიხდიან. 

აღნიშნული მომსახურებისთვის ორივე უწყებამ გამარტივებული ხელშეკრუელბა გაუფორმა ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას, რომელსაც თითოეული მუნიციპალიტეტი 6 250 ლარს გადაუხდის. 

რისთვის სჭირდებათ აღნიშნულ მერიებს ფოტომომსახურების შესყდვა კერძო მიმწოდებლისგან, “მოზაიკამ” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სცადა. 

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფოტოები ხაშურის “სავიზიტო სახე” იქნება. 

“ნაწილი ფოტოები უკვე გადაიღო ბატონმა ბადრიმ, ეს ყველაფერი იქნება ჩვენი ქალაქის სავიზიტო სახე, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხაშურისთვის მნიშნვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ ჰქონდათ სათანადო ფორმა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მაღალი ხარისხით გადაღებული გვქონდეს, რადგან ქალაქის სახე წარმოჩინდეს ინდივიდუალურად მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ”, – განმარტა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხურის ხელმძღვანელმა. 

მისივე თქმით, სამომავლოდ აღნიშნულ ფოტოებს საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ.

“ამ ფოტოებს გამოვიყენებთ, რაშიც ჩავთვლით საჭიროდ, მათ შორის თუ გამოფენა იქნება, გამოფენაში გამოვიყენებთ. მოგეხსენებათ, უფრო მეტად პოპულარული სოციალური ქსელებია და ძირითადი აქცენტი ამაზე იქნება გაკეთებული”, – განმარტა სუხიაშვილმა. 

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ფოტოგრაფმა ფოტოების გადაღება, დამუშავება და მიწოდება მიმდინარე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. 

ინფორმაციისთვის, გორისა და ხაშურის მერიებში პიარსამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ასევე ევალებათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებაც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.