“ცეკვა მთელი ჩემი სამყაროა, 35 წელია სცენაზე ვდგავარ. ეს არის სცენის მტვერით მოწამვლა, რომელმაც არასდროს გადამიარა”, – ამბობს მოცეკვავე და ქორეოგრაფი მანანა კვესიაშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნა.
მანანა პროფესიით ფინანსისტია, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, თუმცა ცხოვრებაში ის საქმე აირჩია, რაც მისივე სიტყვებით, მის გულთან ახლოს იყო.
“ფინანსების საბანკო საგადასახადო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ იმდენად იყო ცეკვა ჩემში, ავიღე წითელი დიპლომი, მივუძღვენი მშობლებს და გავყევი იმ გზას, რაც ჩემ გულში და სულში იყო”.
მანანამ ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო. 17 წლისამ კი საკუთარი ანსამბლი “სიონი” შექმნა, რომელსაც უკვე 5 ფილიალი აქვს და მას მერე არაერთ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
“ქართული ცეკვის დიდი მოტრფიალე ვარ, ბავშვობიდან ვცეკვავ, გადავწყვიტე მთელი ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა ქართული ცეკვისთვის.17 წლის ვიყავი, პირველი ცეკვის წრე რომ შევქმენი. იყო შემთხვევები, როცა ჩემზე დიდი მოსწავლეები მყავდნენ. პირველად რომ დამიძახეს, მასწავლებელოო, ეს იყო ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. ახლაც თითოეულის მომართვა “მანანა მას” გულს მითბობს, მგონია ხოლმე, რომ ჩემს პოტენციურ შვილს ვჭირდები და ჩემი გვერდში დგომა უნდა. 22 წელია ქორეოგრაფი ვარ და მყავს საკუთარი ანსამბლი. გორში, ატენში და კავთისხევში”.
ამბობს, რომ ქართულ ცეკვას დიდი შრომა და ემოცია სჭირდება. პედაგოგის თქმით, ისე უნდა იცეკვო თითქოს ეს არის პირველი გამოსვლა.
“ისე უნდა იცეკვო, თითქოს პირველად ცეკვავ, სხვა შემთხვევაში, ცეკვას ძარღვი არ ექნება. მე კავთისხევში დავიბადე და გავიზარდე. ახლა ვზრდი ჩემი მეზობლის, მეგობრის, თანაკლასელის შვილებს, თითოეულთან ვმუშაობ ისე, როგორც საკუთართან. განსაკუთრებულად მიყვარს ქართული ცეკვა, ეს არის სატრფიალო, სიყვარულის თემაზე დადგმული ცეკვა, სადაც ვაჟის ვაჟკაცობა, რაინდული სული და ქალისადმი უდიდესი პატივისცემა გამოიხატება. ამ ცეკვაში ასევე ჩანს ქალის სიამაყე, სითამამე, სიძლიერე. ამიტომ მე ყველაზე რთულით, ქართულის შესწავლით ვიწყებ, რომელსაც მხოლოდ შიდა ქართლში ცეკვავენ განსაკუთრებულად”.
მანანა ახალგაზრდებს კასპის მაღალმთიან სოფელ წინარეხშიც ასწავლის ცეკვას და კვირაში რამდენიმეჯერ მათთან მისასვლელად 30 კილომეტრს გადის, ამბობს, რომ სულ 13 ბავშვია, მაგრამ მოტივირებულ ახალგაზრდებს არცერთ დღეს არ უცდენს.