5 წლის ასაკში იყო, როდესაც ბებიისგან ფაჩუჩების ქსოვა ისწავლა. შემდეგ მერე უამრავ წიგნს და ინფორმაციას გაეცნო და აი, ასე ისწავლა მარინა მარჯანიძემ ქსოვა და ქარგვა. ახლა ის 46 წლისაა, გადასარევად ქარგავს, ქსოვს, კერავს და უკვე ერთი წელია, აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს.
მარინა პროფესიით ფინანსისტია, წლების მანძილზე მუშაობდა ბანკში, თუმცა საყვარელი ხელსაქმე არასდროს მიუტოვებია.
“ვკერავ, ვქსოვ, ვქარგავ, ხელნაკეთ სათამაშოებს ვაკეთებ. ამ ყველაფრით 5 წლიდან ვარ დაკავებული. ბებია ქსოვდა მხოლოდ წინდებს და ასე ყურებით ვისწავლე. ჟურნალებს ვყიდულობდი, ვკითხულობდი და ვისწავლე ჟაკეტის, სვიტრის და ქუდების ქსოვა. ვქსოვდი თოჯინებისთვის, სახლში ძაღლები და კატები მყავდა, იმათ ვუქსოვდი, ვუკერავდი. სასაწაული სიმშვიდე მოაქვს ამ ყველაფერს ჩემთის”.
დაახლოებით ერთი წლის წინ, მარინამ შვილიშვილის თხოვნით, პირველი თოჯინა შექნა და მას მერე ხელნაკეთ თოჯინებს ამზადებს.
“სათამაშოების დამზადება ერთი წლის უკან დავიწყე, შვილიშვილს მოუნდა ირემი, რომ ვიკითხეთ ისეთი ძვირები ღირდა, გადავწყვიტე მე გამეკეთებინა, ჭრა-კერვა, ხატვა ვიცოდი და აწყობას რაღა უნდოდა და მეც შევქმენი პირველი ირემი. შემდეგ შვილმა მირჩია გამეკეთებინა და გამეყიდა, ამით შემოსავალი გამიჩნდებოდა. ირემის მერე ჯუჯები გაჩნდნენ და ამას მოჰყვა სხვადასხვა ნაქსოვი სათამაშოები”, – იხსენებს მარინა
მარინა ამბობს, რომ თოჯინებზე მუშაობა შრომატევადია, რადგან ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.
“საჩუქრებად უფრო გავეცი ჩემი ნაკეთობები, ვიდრე გავყიდე. ხელნაკეთი ნივთის ღირებულება ძვირი გამოდის, ჩვენს ქვეყანაში კი ერთეულების ხვედრია ასეთი ნივთების შეძენა, ამიტომ ხშირად ვჩუქნი, ვისაც მოწონს. ახლობლებს ფულს არასდროს ვართმევ. შრომატევადი საქმეა, მაგრამ მთავარია მასალა მქონდეს, უმეტესი მატერია ისეთია, რომ მანქანაზე ვერ ვამუშავებ და ხელით ვკერავ. 4-5 დღე სჭირდება ერთი თოჯინის შექმნას, რომ დავასრულებ, შემდეგ ტანსაცმელს ვაცმევ”.
მარინა სამომავლოდ ჩვილის კომპლექტების მოქსოვა და სოციალური ქსელებით მათი რეალიზაცია აქვს გეგმაში.