“არის ნამუშევარი, რომელსაც ვიცი ვერასოდეს გავყიდი, ეს არის მონუმენტური ნახატი, რომლითაც სადიპლომო დავიცავი“, – ამბობს ნანა ტიტვინიძე და ნამუშევარზე საუბარს აგრძელებს, – “მასზე დავიტანე საქართველოს კულტურა, დიდი ზომის ნახატია და დიდიხანი მოვანდომე“.
ნანა 26 წლისაა. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში ცხოვრობს, ხატვა ბავშვობიდან უყვარს, ამიტომ პროფესიადაც ეს მიმართულება აირჩია. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კურსდამთავრებულია. მუშაობს ზეთის საღებავებით, თუმცა კონკრეტული მიმდინარეობა არ აქვს. საუბარში აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში ხშირად შევხვდებით გოგოს, კატას და საათს.
“ძირითადად გაჩერებულ გატეხილ საათს ვხატავ, გაჩერდა დრო, აღარ მიდის, ასეთია ჩემი ფანტაზია. ჩემი ნახატების მიღმა ყოველთვის არის სცენარი, რაღაც ხდება, ნამუშევრებს აქვთ გაგრძელებები, რომლებიც ისტორიას ჰყვებიან. ასეთი ისტორია შევქმენი ლეკვებზე, რომლებიც ქუჩაში არიან და უცებ სახლი გამოუჩნდა. ხშირად მხვდება ქუჩაში უპატრონო ლეკვები და ვხედავ ხალხის გულგრილ დამოკიდებულებას მათდამი და სურვილი გამიჩნდა დამეხატა პატარა ლეკვი, რომელსაც სახლი გამოუჩნდა”, – გვიყვება ნანა.
ნანა ამბობს, რომ მისი ნამუშევრები სინამდვილესთან კავშირში არაა, თუმცა ტრაგიკული ნახატების ხატვა მოსწონს.
“ნახატებით კომპოზიცია მაქვს შექმნილი, გოგო რომელიც ტბის პირას დგას თეთრი ვარდით, შემდეგ ვარდება წყალში და უკვე წყალში ჩავარდნილს წითელი ყვავილი უკავია და ამის შემდეგ დავხატე უკვე გემზე გოგონა, ისევ წითელი ყვავილით. მიუხედავად იმისა რომ არასდროს მიყვარს წიგნი ან ფილმი ცუდი დასასრულით ნახატში ეს ტრაგედია მომწონს, ემოციების წინ წამოწევა უხდება ნამუშევარს”, – ამბობს ნანა.
ნანას ნამუშევრები ძირითადად ღამე იქმნება, ნახატებს ჩუქნის ახლობელ ადამიანებს და დროდადრო შეკვეთებსაც იღებს.