საქართველში მოსახლეობის აღწერა ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის განცხადებით, აღწერის დროს შეგროვდება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.
“აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად”, – წერია განცხადებაში.
როგორც საქსტატი წერს, აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.