სტატიები

დოესში სკვერის რეაბილიტაცია, მერიის შეცდომის გამო, ჭიანურდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში სკვერის მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადდა, რადგან მანამდე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.

16 თებერვალს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზად მერიამ დოკუმენტაციის ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. უწყების განმარტებით, ტენდერში სკვერის პროექტი ბოლომდე არ იყო ატვირთული, გარდა ამისა გამოიკვეთა, რომ ცვლილებას საჭიროებდა ხარჯთაღრიცხვაც. 

“გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა, მიზანშეწონილია აღნიშნული ტენდერის შეწყვეტა”, – ნათქვამია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 

აღნიშნული ტენდერი 15 მარტს შეწყდა, ამ პერიოდისთვის შეთავაზებების მიღება უკვე დაწყებული იყო. სკვერის მოწყობის სურვილი ერთმა კომპანიამ  გამოთქვა. შპს “ახალი ჭიათურა” კასპის მერიას სკვერის მოწყობას 81 900 ლარად სთავაზობდა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად კი 83 435 ლარი იყო გათვალისწინებული. 

ამჟამად, აღნიშნული სკვერის მოსაწყობად მეორე ტენდერია გამოცხადებული. კასპის მერიამ სამუშაოებისთვის ამჯერად, 87 672 ლარი გაითვალისწინა. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ, ერთი პრეტენდენტი, შპს “ქართული სახლი” მონაწილეობს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გამარჯვებულადაც ეს კომპანია გამოცხადდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. 

აღსანიშნავია, რომ შპს “ქართული სახლი” 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიაა და ამ დრომდე მონაწილეობა მიღებული აქვს 4 ტენდერში, საიდანც ერთი ტენდერი მოიგო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, კომპანიასთან საბიუჯეტო დაწესებულებებს 10 გამარტივებული შესყიდვა აქვთ გაფორმებული, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 192 720 ლარი შეადგინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.