სტატიები

ორი მასშტაბური პროექტი შიდა ქართლში – როდის სრულდება ახალბაღისა და ზემო სერის რეაბილიტაცია

ხაშურის ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობა 9 თვის წინ დაიწყო, პირველი ეტაპი დასრულებულია. “ახალბაღის” რეაბილიტაცია დაიწყო 2021 წელს, უნდა დასრულებულიყო ერთ წელში, თუმცა სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს და დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, დასრულების თარიღად მიმდინარე წლის ოქტომბერი დასახელდა. 

რა კეთდება ზემო სერის ტყე-პარკში ? 

სამუშაოების პირველი ეტაპის ღირებულებამ  803 897 ლარი შეადგინა, რომელიც დაწყებიდან 9 თვეში დასრულდა. პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო გარე განათებები, ფანჩატური, სარბენი და ველო ბილიკები. უკვე დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სკამები, მაგიდები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები. რაც შეეხება მეორე ეტაპს: სამუშაეობისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.  

სატენდერო პირობების მიხედვით, მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს:

  • დამატებით ავტოსადგომების მოწყობა პარკის შესასვლელში;
  • ამფითეატრის მოწყობა;
  • სკეიტის პარკის მოწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს შესასვლელის აღმნიშვნელი სტელის, დაცვის ჯიხურის, ამფითეატრთან მისასვლელი ბილიკის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას. სამუშაოებისთვის 1 187 390 ლარია გამოყოფილი.  სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ბოლომდე. 

ამავე თემაზე: რა უნდა გაკეთდეს პროექტის მეორე ეტაპზე ზემო სერის ტყე-პარკში – ფოტოები 

რა კეთდება “ახალბაღში” ? 

პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის 9.3 მილიონი ლარის მხარდაჭერით ახორციელებს. 

“რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების და სპორტული ზონის მოწყობას.  გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და ღია კაფეებისთვის სივრცეების მოწყობა”, – აცხადებდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდში 2 თვის წინ.  

მგფ-ის ცნობით, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ახალი სივრცეები, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.  

ამავე თემაზე: მგფ “ახალბაღის” რეაბილიტაციის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს 

აღსანიშნავია, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაციის დასრულების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გარკვეული, ეჭვები კვლავ არსებობს, მოსახლების ნაწილს არ სჯერა, რომ სამუშაოების ამ წლის ბოლომდე დასრულდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.