“ორი ბოძი უნდა რომ გამაგრდეს და მოვუგვარებთ”, – ასე უპასუხა გორის მერის წარმომადგენელმა აძვის იმ მოსახლეობას, რომლებიც ტირიფონის არხზე გადებული “ხიდის” გამაგრებას ითხოვენ.
მოქალაქეები არხზე გადებული თუნუქისგან მოწყობილ ხიდს ყოველდღიურად იყენებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ “ხიდზე” დადიან ბავშვებიც.
“ისე კანკალებს, შიშით ვუყურებ. ბავშვები გადადიან და მეშინია, ან ახლა ჩავარდება ვინმე, ან ახლა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ასმათ დვალიშვილი.
აძველები ამბობენ, რომ ამ “ხიდზე” დაჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვით.
“რამდენიმე დღის წინ ძროხა ჩავარდა და ძლივს ამოვიყვანეთ. ყველა ამ ხიდს იყენებს, მაღაზიაში წასვლა რომ გვინდა, მაშინაც ეგრე გადავდივართ”, – გვითხრა ზიზო ბალამწარაშვილმა.
ისინი არხზე უსაფრთხო გადასასვლელი მოწყობას ითხოვენ. მათი მოთხოვნის საპასუხოდ, კი მერის წარმომადგენლმა ასეთი პასუხი გაგვცა:
“ხიდიც არ არის, ტირიფონის არხი ჩადის მის ქვემოთ, მოსახლეობამ წლების წინ თვითონ გააკეთა. ადგილობრივი ხელისუფლება ჩავაყენე საქმის კურსში, მივედით, ვნახეთ, ორი ბოძი უნდა, რომ გამაგრდეს და მოვუგვარებთ”, – ტარიელ ვათიაშვილი.