სტატიები

3 წელი გავიდა და ვერ გავიგე, ვინ მოკლა ჩემი შვილი – რა ხდებოდა 2020 წლის 8 ივნისიდან დღემდე 

“შვილს ვეღარავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ვერ გავიგე, მაშ ვინ მოკლა ჩემი შვილი, ვინ დაარტა. თუ იმან არა, თუ ამან არა, მაშინ ვინ?! მე ვერ მივიღე ამ კითხვებზე სასამართლოსგან პასუხი”, – ამბობს სამი წლის წინ გარდაცვლილი 18 ჭლის ბიჭის მამა. 

ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩაივრებას და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

ისინი დღეს უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ გამოძიება არაობიექტურად და მიკერძოებულად მიმდინარეობდა და ეს ბრალდებულის მამის, გიორგი კანდელაკის გავლენების შედეგია. 

“სად წავიდა ის სისხლიანი მაისურები, რომლებიც ეცვათ, სად წავიდა კამერის ჩანაწერები, სადაც ექსპერტიზა, სად არის პასუხები კითხვებზე, ვინ იყვნენ, რამდენნი იყვნენ”, – ამ კითხვებს სვამს ერეკლეს დედა.

რა ხდებოდა 2020 წლის 8 ივნისიდან დღემდე? 

რესტორან “ჟოზეფში” 2020 წლის 8 ივნისს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 18 წლის ბიჭმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ის რესტორნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა 10 ივნისს გორელი ბიზნესმენის შვილი, თარაშ კანდელაკი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს კი, მას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თარაშ კანდელაკს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 31 ივლისისთვის ჩაინიშნა, თუმცა მოგვიანებით 15 სექტემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადება პროკურატურამ იმ მოტივით მოითხოვა, რომ დანიშნული დამატებითი კომისიური ექსპერტიზის პასუხები 31 ივლისისთვის ცნობილი ჯერ არ იყო.

12 სექტემბერს საავადმყოფოში მყოფი ერეკლე თედლიაშვილი გარდაიცვალა. 

15 სექტემბერს თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი  დისტანციურად ჩატარდა, თავად ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია. პროკურორის შუამდგომლობით კი, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.

ამავე პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება იყო დაწყებული. 

იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა, რომ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს, – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა. 

საქმეზე არსებითი განხილვა 28 სექტემბერს ჩაინიშნა, რომელიც შემდეგ თვეებში გაგრძელდა. ცნობილი იყო, რომ  ბრალდება თავისი პოზიციის გასამყარებლად 100 მოწმის, ხოლო დაცვა 80 მოწმის გამოკითხვას გეგმავდა. 

ამ დროისთვის, ერეკლე თედლიაშვილის ოჯახი, თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთას ითხოვდა. 

„მოვითხოვ ბრალის დამძიმებას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მხოლოდ ერთი ადამიანი ჩემს შვილს ამდენ დაზიანებას ვერ მიაყენებდა. ბავშვს თავის ქალის ნახევარი აღარ ჰქონდა. სხვა დამნაშავეები იმალებიან და ერთ კაცს ააღებინეს თავის თავზე. რაც უნდა მოხდეს, სამართალს მაინც ვიპოვით“, –  განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

2021 წლის 5 მარტს, თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე გამოძიების 9-თვიანი ვადის გასვლა გახდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მოგვიანებით საქმეში მეორე მუხლიც გაჩნდა – სსკ-ის 126-ე მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ამის შემდეგ ოჯახი უკვე ხმამაღლა ამბობდა, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების იმედი არ ჰქონდა.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ დამნაშავის დასჯას კი არა, დამნაშავის გამართლებას ცდილობენ. ყველაფერი ისე მიჰყავთ, რომ ბოლოს ჩემი შვილი გამოიყვანონ დამნაშავე. ამჟამად ადვოკატის გარეშე ვართ დარჩენილები და არ ვიცი, რა იქნება.”

გუშინ, 16 ივნისს კი სასამართლომ ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეში თარაშ კანდელაკის ბრალეულობის მოკვლევა დაასრულა და მხოლოდ მისი ძალადობა დაადგინა. 

რაც შეეხება იმ მეორე საქმეს, რომლითაც ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების მიზეზები უნდა დადგენილიყო, მაგ საქმეში გამოძიების მიღწევები დღემდე  უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მომხდარზე დაკავებული არავინაა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.