სტატიები

სააგენტო ცხოველთა კვებასა და სამედიცინო მომსახურებაზე დაფინანსების 6-7% ხარჯავს

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს დაფინანსება წელს 1 157 772 ლარია, რაც წინა წლის დაფინანსებას 192 772 ლარით აღემატება. რაში იხარჯება ეს ფული და დაფინანსების რა ნაწილი ხმარდება უშუალოდ ცხოველების კვებასა და სამედიცინო მომსახურებაზე, – ამის გარკვევა “მოზაიკამ” სააგენტოს ანგარიშების შესწავლით სცადა.

________________

მიმდინარე წელს, სააგენტომ დაფინანსების 28% ანუ 327 934 ლარი უკვე დახარჯა. ანგარიშის მიხედვით, ამ თანხის თითქმის 70% თანამშრომელთა ხელფასებზე გაიცა.

“მისაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში 55 თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც 11 შტატით, ხოლო 44 შტატგარეშედაა დასაქმებული. მათ ხელფასებზე კი მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 231 169 ლარია გახარჯული”, – ვიგებთ სააგენტოს ანგარიშიდან.

  • შტატში მყოფ თანამშრომელთა ანაზღაურება 60 941 ლარი;
  • შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება –  170 228 ლარი;

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სააგნარიშო პერიოდში, სააგენტომ ცხოველთა სამედიცინო მომსახურებაზე 20 041 ლარი გახარჯა, რაც მთლიანი ხარჯის მხოლოდ 6%-ია. ამაზე ორჯერ მეტი, 48 241 ლარი კი, სააგენტომ საოფისე ხარჯებს მოამხარა.

“ოფისის ხარჯებში შედის ძირითადად კომუნალური გადასახადები და ვოლიერების და ოფისის რეცხვა/ქიმწმენდისა და დასუფთავების ხარჯები”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ხელფასების, საოფისე ხარჯის და სამედიცინო მომსახურების გარდა, საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს ხარჯებს შორის იყო:

  • საწვავ/საპოხი მასალების შეძენის ხარჯი – 13 053 ლარი;
  • ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის და რემონტის ხარჯები – 7 465  ლარი;
  • სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება- 264  ლარი;
  • სოციალური უზრუნველყოფა – 1 221 ლარი;
  • არაფინანსური აქტივების ზრდა – 6 180 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები სააგენტოს იმ ანგარიშშია მოცემული, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა და დადებითად შეაფასა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს სააგენტოს ბიუჯეტი 965 000 ლარს შეადგენდა და ცხოველთა კვებასა და სამედიცინო მომსახურებაზე ამ თანხის 7%, ანუ 70 000 ლარამდე დაიხარჯა.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.