შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს ძალადობაში ადანაშაულებენ.
გოგი ჩხიკვაძეს გორის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი მანანა ბედოშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციელმა მას წყლით სავსე ბოთლით სცემა.
სავარაუდო დანაშაულის შესახებ საქმის კურსშია საგამოძიებო სამსახური და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ჩხიკვაძე მაღალ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს, ბედოშვილს კი პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.
სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს მფარველები ჰყავს. შემთხვევა კი მოქალაქესა და პოლიციელს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.
მოქალაქის ბრალდებაზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.