ხაშურელები ითხოვენ, რომ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმჯობესდეს. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონებისთვის შეძენილი ავტობუსები ხაშურსაც ერგოს.
“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა რეგიონებისთვის 154 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ერთად მოვითხოვოთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტიც აუცილებლად იყოს ამ პროგრამაში და შევახსენოთ ადგილობრივ ხელისუფლებას – აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობას მოემსახურონ ავტობუსები! დროა ცივილიზაციას ჩვენც დავეწიოთ და ამაზე ვინმემ ოდესმე იზრუნოს”, – გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი”.
აღნიშნულ განცხადებას სხვა მოქალაქეების უერთდებიან და ამბობენ, რომ ხაშურში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდეს, რადგან ამის საჭიროება დღითიდღე იზრდება.
“ძალიანაც საჭიროა, მოწესრიგებული გრაფიკით მაინც ივლიან. ეს “მარშუტკის” მძღოლები უნდათ წავლენ უნდათ არა. ექვსის მერე საერთოდ ვერ წახვალ, ვერც ხაშურში ვერც სურამში”, – ამბობს მადონა ნოზაძე.
“21- ე საუკუნეა, რა ელემენტარულს ვითხოვთ, შემოუშვით ცივილიზაცია ხაშურში!”, – წერს გულნარა ჭელიძე.
ადგილობრივების ნაწილი ტრანსპორტის საკითხს პრიორიტეტულად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში ჯერ სასმელი წყლისა და გზების პრობლემა უნდა მოგვარდეს.