ადამიანები ისტორიები

“დეადემა” – ალკოჰოლური სასმელი საოკუპაციო ხაზიდან და რუსუდანის საქმედ ქცეული ჩანაფიქრი

საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უამრავი პრობლემის და მყიფე მშვიდობის მიუხედავად, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ. მშობლიური მიწის მცველებად რჩებიან და იქაურობაზე ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელ ქვეშში მცხოვრები 44 წლის რუსუდან მითაგვარიაა, რომელსაც საზღვარგარეთ საკუთარ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, საკუთარი ქვეყნის და მშობლიური სოფლის სახელიც გააქვს. 

_______________

სოფელი ქვეში საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. პროფესიით იურისტი ქალი სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს და უკვე 12 წელია, ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებს. რუსუდან მითაგვარია ყველაფერს თავად აკეთებს – უვლის ბაღებს, მოჰყავს ხილი და სწორედ ასე, საკუთარ ბაღში, საკუთარი შრომით მოყვანილი ხილისგან სასმელებს ამზადებს. 

“სასმელების პროდუქცია თავად მომყავს, არაფერს არ ვყიდულობ. ძალიან დიდი შრომის შედეგად მოვახერხე, რომ ჩემი საკუთარი სასმლის ბრენდი შემექმნა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს” – სიამაყით გვეუბნება რუსუდანი და მაგიდაზე აკურატულად დაწყობილი სასმელების კოლექციას გვათვალიერებინებს. 

სხვადასხვა ზომის და ფორმის ბოთლში ჩამოსხმული სასმელების უმრავლესობა ლიქიორია, რომლებიც როგორც რუსუდანი გვეუბნება, განსაკუთრებით ქალებს მოსწონთ. უხარია, რომ დროსთან ერთად, მისი პროდუქციის პოპულარულობა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იზრდება. 

“პროდუქციამ ესტონელების დიდი მოწონება დაიმსახურა”, – ამბობს რუსუდანი და აქვე იმ დღესაც იხსენებს, როცა მას, როგორც მეწარმე ქალს, ჰოლანდიის და უკრაინის საკონსულტაციო ორგანიზაციის ხელმძღვანელები სახლში სტუმრობდნენ, – “სახლში მსტუმრობდნენ, როგორც მეწარმეს, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან მინდა, რომ მალე მცირე საწარმო ავაშენო, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებსაც დავასაქმებ”.

უკვე გაკეთებულ და სამომავლოდ გასაკეთებულ საქმეებს რუსუდანმა “დეადემა” უწოდა – ეს სახელწოდება მისი შვილების სახელებს უკავშირდება. 

“ჩემი სასმელები “დეადემას” სახელით არის ცნობილი და ეს სახელწოდება ჩემი შვილების სახელებს, დეას და დემეს უკავშირდება. ისინი ყველა საწარმოო პროცესში მეხმარებიან”.

რუსუდანი მეფუტკრეობასაც მისდევს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალი “დეადემას” გაძლიერების და განვითარებისთვის ყოველდღიურად შრომობს. ეძებს თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს. 

“ვარ მეწარმე ქალთა ასოციაციის წევრი. ასევე, USAID buzz Georgiaს-ის ელჩი. გარდა ამისა,  საქართველო – ესტონეთის ერთობლივი პროექტის “Going Global Georgia”-ის ორგზის გამარჯვებული”, – მოკლედ თვლის ბოლო წლების წარმატებებს რუსუდანი და საუბარში იმ ქალებს ახსენებს, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, – “ჩემი ცხოვრება იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ არასდროს, რომ ქალებსაც შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას, საქართველოში და მის გარეთაც”. 

შვილების, მხარდამჭერების და სხვა ქალების ხსენების შემდეგ, რუსუდანი საუბრისას თავის ბავშვობის წლებში ბრუნდება და მამაზე ლაპარაკს იწყებს. 

“ვიყავით 5 დედმამიშვილი, მამა ადრე გარდაგვეცვალა, მაგრამ მახსოვს ის წლები,  მამა რომ ხშირად ხდიდა არაყს. მისი წყალობით, ბავშვობიდან მქონდა შეხება სასმელებთან და რაც დრო გავიდა, რაც უფრო გავიზარდე, უფრო მეტად დავინტერესდი ამ საქმიანობით.”

რუსუდანი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში მისი როლიც შეიცვალა და სკოლაში სწავლის პარალელურად, საოჯახო საქმეებშიც ჩაება. ამბობს, რომ სახლში და ბაღებში მუშაობის პარალელურად, სწავლა მარტივი არ იყო, მაგრამ მასზე უარის თქმა არასოდეს უფიქრია, რადგან ჰქონდა მიზანი – ყოფილიყო წარმატებული ქალი. 

“ყოველთვის მახსოვდა, რომ  არასდროს არ უნდა დავნებდეთ, ყველა შეცდომაზე რაღაც უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ, რათა მიზნები რეალობად ვაქციოთ”. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.