ადამიანები ისტორიები

ჩემი ცოდნის გამოყენების დრო მოვიდა – სოფო დულარიძის დიზაინით შექმნილი ტყავის ნივთები

ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, ჩანთები, ქამრები, – ეს ის აქსესუარებია, რომელსაც ქარელში მცხოვრები 38 წლის სოფიო დულარიძე ექსკლუზიურად ამზადებს. სოფომ ტყავზე მუშაობის ტექნიკა წლების წინ საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში დაისწავლა.

ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის ხელოვნება და სულიერი საზრდოა.

“წლების განმავლობაში ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, ვაგროვებდი ცოდნას და ბევრს ვმოგზაურობდი. ახლა კი დრო მოვიდა, ეს ცოდნა იქ გამოვიყენო, სადაც მთელი არსებით მიყვარს ყოფნა. საზღვარგარეთ ცხოვრებისას დავიწყე ტყავზე მუშაობა, რადგან ჩემთვის ხელოვნება სულიერი საზრდოა და მალევე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საყვარელი ჰობი. დავიწყე განსხვავებული დიზაინის ფეხსაცმლის კერვა, რომელსაც ექსკლუზიურად ვამზადებდი და არ მეორდებოდა”, – ამბობს სოფო.

სოფომ პირველი ფეხსაცმელი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში შექმნა.

“პირველი ფეხსაცმელი მაშინ შევკერე, როცა ერთმა გავლენიანმა ადამიანმა შემომთავაზა მასთან მუშაობა. ეს მაშინ ჩემი ოცნებების რეალიზებას ნიშნავდა. გამოწვევა წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ ორ თვეში დაიწყო პანდემია და მთლიანად შეიცვალა მდგომარეობა… მუშაობის დროს ტყავი არის მთლიანად დაუმუშავებელი და ფერებიდან დაწყებული ნახატით დამთავრებული მთლიანად ვამუშავებ მე. მასალები შემომაქვს საზღვარგარეთიდან. ფეხსაცმლის შემდეგ გადავედი ქამრებზე, ჩანთებზე და სხვა აქსესუარებზე” – იხსენებს ის.

სოფო პანდემიის შემდეგ ქარელში დაბრუნდა საცხოვრებლად და ესთეტიკის ცენტრი გახსნა, თუმცა ტყავის ნაკეთობებზე მუშაობას კვლავ აგრძელებს. 

“ჩემს საქმიანობასთან ერთად ვაგრძელებ შეკვეთების მიღება, თუმცა დროის სიმცირის გამო, ბევრ შეკვეთას ვეღარ ვიღებ, რადგან ესთეტიკური მედიცინის ცენტრები მაქვს ქარელში, ხაშურში და თბილისში, პარალელურად ვემზადები ყბა სახის ქირურგიისთვის შესაბამისად, ტყავის აქსესუარებს ისეთი სიხშირით ვეღარ ვამზადებ”, – აღნიშნავს სოფო.

სოფო ქარელში სახელოსნოს გახსნაზე ფიქრობს, სადაც მსურველებს ტყავზე მუშაობას შეასწავლის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი