ადამიანები ისტორიები

დავით გელუტაშვილი – ის, ვინც რუსული ჭურვის ადგილას ჩირის და ტყლაპის საწარმო დაარსა

“ომის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც 2008 წელს ჩრდილოეთიდან ნასროლი ჭურვი ჩამოვარდა, დავიწყე ხილის შემნახველი სამაცივრე საკნების მშენებლობა, ხოლო 2 წლის შემდეგ ავაშენე ჩირის საწარმო”, – ასე იწყებს ამბის თხრობას დავით გულეტაშვილი, რომელმაც   საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ბიზნესის დაიწყო.

“ფრუტერა” ასე ჰქვია საწარმოს, რომელიც დავითმა  დაახლოებით სამი წლის წინ დაარსა და უკვე 6 სახეობის ჩირს და 7 სახეობის ტყლაპს აწარმოებს.

“საწარმო აშენებულია ჩვენს საგვარეულო მიწაზე, ჩემი ოჯახის კუთვნილ ვაშლის ბაღში. ყველა პროდუქტი არის 100%-ით ნატურალური, ემულგატორების, დამატებული ფერების, არომატიზატორების, შაქრის დანამატების და კონსერვანტების გარეშე. თითოეული პროდუქტი არა მხოლოდ უვნებელი, არამედ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი წარმოებულია სტანდარტების დაცვით, ჰიგიენურ პირობებში. ხილის გამოშრობამდე, ყველა სახის ნედლეული ირეცხება გამდინარე წყალში და შრება ინფრაწითელი სხივებით შრობის დანადგარში”, – გვიყვება დავითი.

დავითს საწარმოს შექმნის იდეა ბავშვობაში გაუჩნდა. გვიყვება, რომ ენანებოდა, როდესაც მოყვანილი და მოკრეფილი უამრავი ხილი ოჯახებს ულპებოდათ და ვერ ახდენდნენ რეალიზაციას.

“ხშირად დღემდე ხდება ისე, რომ ქლიავის, ატმის და ვაშლის ფასი არ არის საკმარისი, არა მხოლოდ მთელი წლის განმავლობაში მოვლის ხარჯებისთვის, არამედ მოკრეფისთვისაც კი. საცოდაობაა, როდესაც გლეხი მთელი წლის განმავლობაში შრომობს, სეზონის განმავლობაში 7-8-ჯერ რწყავს, რაც უწყლოობის პირობებში უდიდეს ძალისხმევას ითხოვს, მოკრეფს ხილს და შემდეგ ყუთებში ლპება, რადგან არ ყავს შესაბამისი მომხმარებელი. ამიტომაც გადავწყვიტე ჩვენი ოჯახური ბიზნესისთვის მიმეცა ორგანიზებული და მოწესრიგებული სახე, დამეცვა სტანდარტები და მომეძებნა ის მომხმარებელი, რომელიც შესაბამისად აფასებს ჯანსაღ პროდუქტს”.

დავითი ამბობს, რომ საწარმოში ყველა სახის ნედლეული მოყვანილია ფრუტერას ბაღებში, რომლებიც წარმოებულია ადგილობრივი სტანდარტის – გეოგაპის დაცვით.

“რადგან დამწყები ბიზნესია და არ გვაქვს მარკეტინგული ბიუჯეტი, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლთან პირისპირ შეხვედრას. ძალიან დიდი ხანი ვერ ვბედავდი პროდუქტის გაყიდვას და პირველ წელს, სატესტოდ დამზადებული 200 კილოგრამამდე ჩირი მთლიანად გავაჩუქე ნაცნობებზე, რათა მიმეღო უკუკავშირი და დავრწმუნებულიყავი, რომ ვქმნიდით კარგ პროდუქტს. ამჟამადაც, ვცდილობთ მომხმარებლებს შევხვდეთ სახვადასხვა გამოფენებზე, დავაგემოვნებინოთ ჩვენი პროდუქტები და მივიღოთ ჯანსაღი უკუკავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად დაგემოვნებისას მომხმარებელი ვერ ფარავს აღფრთოვანებას და აღნიშნავენ ხოლმე, რომ ჩვენმა პროდუქტმა ბავშვობა გაახსენა. ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა”.

დავითს საწარმოში ოჯახის წევრების გარდა სხვა თანამშრომლებიც ჰყავს დასაქმებული. აპირებს, რომ წარმოება გააფართოვოს და დასაქმების შანსი მეტ ადამიანს მისცეს.

გული მწყდება, რომ ნიჭიერი, შრომისუნარიანი ახალგაზრდობა ტოვებს ქვეყანას. ჩემი აზრით, ჩვენი ძალა აქ უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად არსებობს საფრთხე ტერიტორიის, რაც გაგვაჩნია ყველაფრის და შესაბამისად ახალი ინვესტიციის დაკარგვის, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რომ ჩვენს მიწაზე ვერ ვსაქმიანობთ, ამიტომ საწარმოს სხვაგან აშენებაზე არც მიფიქრია. ოჯახის წევრების გარდა, დასაქმებული მყავს 4 ახალგაზრდა დედა, მათი ოჯახებისთვის მიღებულ ხელფასს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი სეზონიდან ვგეგმავ წარმოების გაფართოებას და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება”.

დავითი საწარმოში ჰასპის სტანდარტის დანერგვას აპირებს, რათა გარანტირებულად უვნებელი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა, სერტიფიკატით აღიარებული ჰქონდეს. ამბობს, რომ ეს ნაბიჯი პროდუქტის ექსპორტზე გატანაშიც დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.