“ქართულმა ოცნებამ”, ბოლო ორ წელში, შემოწირულობის სახით დაახლოებით 21 მილიონი ლარი მიიღო. აქედან გორელების შემოწირულობა 230 000 ლარია. პარტიის 22 გორელი შემწირველიდან, უმრავლესობა ბიზნესმენია. აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველების ნაწილი 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების დამფინანსებელი იყო.
როგორ შეიცვალა ბიზნესის პოლიტიკური გემოვნება ხელისუფლების ცვლილების პარალელურად? რა ურთიერთმოლოდინები არსებობს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და რა ზიანს აყენებს მათი ურთიერთთანამშრომლობა ბიუჯეტს, ხალხს და დემოკრატიას? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს მოიცავს “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება.
________
23 აგვიტო, 2021 წელი – ამ დროს ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და “ქართულ ოცნებას” თანხას, ერთდროულად 7 გორელი ბიზნესმენი ურიცხავს, ჯამში 63 000 ლარის ოდენობით. ეს ფაქტი უფლებადაცმელებს დღემდე იმის ნიმუშად მოჰყავთ, რომ შემოწირულობის გაღება ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთშეთანხმების ნაწილია.
“ბიზნესის ერთადერთი მოტივაციაა გადარჩეს. იმისათვის რომ გადარჩეს, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, აუცილებელია ძალაუფლებაში მყოფი პარტიის კეთილგანწყობის მოპოვება. შესაბამისად, ბიზნესი ყოველთვის აფინანსებს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იციან, რომ სხვადასხვა სახელმწიფო მაკონტროლებლებისაგან შეექმნებათ იმ დონის პრობლემები, რომ მოუწევთ გაკოტრება და ბიზნესის დახურვა”, – ამბობს ლექსო მერაბაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.
Სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიები, უკვე წლებია საუბრობენ, რომ თანხის გაღებით, ბიზნესი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. “Მოზაიკას’ მიერ, გორის რეალობიდან შეგროვებული ფაქტები კი ცხადყოფს, რომ ამის სანაცვლოდ ზოგიერთი ბიზნესი – ტერიტორიას, ზოგიერთი – სამშენებლო ნებართვებს, ზოგიერთი კი – სახელმწიფო ფულს იღებს.
ტერიტორიები მხარდაჭერის სანაცვლოდ
“ყველა მსხვილი ბიზნესი, რომელსაც გარკვეული უპირატესობები აქვს, რაღაც ფორმით დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან. აქ რომ რაღაც ლოგიკური ჯაჭვი არ არსებობდეს, ასეთი დამთხვევები არ იარსებებს”, – ამბობს გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის”, მამუკა ფანიაშვილი.
Მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად აძლიერებს იმ ბიზნესს, რომლისგანაც მხარდაჭერას და დახმარებას ელის.
ამბავი N1:
“გორი მოლს” გორში ქართული ოცნების შემწირველი კომპანია აშენებს
მრავალსართულიანი კორპუსების, სავაჭრო ცენტრების, რესტორნების თუ სასტუმროების ასაშენებლად, ბოლო წლებში, გორის ხელისუფლებამ არაერთი უძრავი ქონება გაასხვისა. Სახელმწიფო საკუთრებიდან ეს ქონებები იმ ბიზნესმენების ხელში გადავიდა, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ კეთილგანწყობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ – სწირავენ თანხას, ეხმარებიან საარჩევნო კამპანიაში და რაც მთავარია, ხელისუფლების ქმედებებს არასოდეს აკრიტიკებენ.
მალე გორში ახალ სავაჭრო ცენტრს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბიზნესკომპანია “ვისოლ ჯგუფი” გახსნის – წმინდაწყალზე, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, “გორი მოლს” „მპ დეველოპმენტი“ აშენებს, რომელიც „ვისოლ ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.
Როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, “ვისოლ ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიები “ქართული ოცნების” მსხვილი დამფინანსებლები არიან – ამ კომპანიებს მმართველი პარტიისთვის თანხა 2012 წლის შემდეგ, ყველა წინასაარჩევნო პერიოდში აქვთ ჩარიცხული, ჯამში 97 000 ლარის ოდენობით. აქედან უშუალოდ “მპ დეველოპმენტს” პარტიისთვის 17 700 ლარი აქვს შეწირული.
“ქართული ოცნების” დამფინანსებელმა კომპანიამ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ყოფილი საავდმყოფოს შენობა 2021 წლის ზაფხულში, 716 100 ლარად, საკუთარ მფლობელობაში მყოფი კომპანიით, “შპს ფროფერთით” შეიძინა.
ტერიტორიის გასხვისებამდე არსებობდა დაპირება, რომ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა და იქ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. ეს დაპირება 2015 წლის ივნისში, დევნილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მისცა, თუმცა დაანონსებული რეაბილიტაცია ხელისუფლებამ არ დაიწყო და საბოლოოდ, საქმე შენობის ჩამონგრევამდე მივიდა.
ახლა კი, 15.000 მ2-ზე გაშლილ ტერიტორიაზე ორსართულიან სავაჭრო ცენტრს “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია აშენებს, რომელმაც გორამდე, მსგავსი სავაჭრო ობიექტი 13 ადგილას გახსნა.
ამბავი N2:
ყოფილი კინოთეატრის ისტორიულ შენობაში სავაჭრო ცენტრს “ქართული ოცნების” დამფინანსებელი აშენებს
გორში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი, ამჯერად ოთხსართულიანი, სამეფო ქუჩაზე, ყოფილი კინოთეატრის ადგილზე შენდება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია 2020 წლის ოქტომბრიდან, შპს „ვაკა თრეიდის“ ბალანსზეა, რომელიც ამავე წელს შეიქმნა და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ის ცნობილი ბიზნესმენია, რომელსაც აქვს პირდაპირი და ირიბი ბიზნეს-კავშირები რუსეთთან, “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან.
კერძოდ, კარიჭაშვილი ფლობს კომპანიას სახელად – Melikishvili Inn, ბიზნეს პარტნიორთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად, რომელსაც აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა და რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. გარდა ამისა, კარიჭაშვილის დაფუძნებული კომპანიები წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებას” და მის კანდიდატებს ფულს ურიცხავდნენ – პარტიისთვის შეწირული თანხის ოდენობა 335 000 ლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარიჭაშვილმა გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც “გორი ინნ” ააშენა, რომლის გახსნის შემდგომაც, მიმდებარე ტერიტორიის მოსაპირკეთებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო.
ამავე თემაზე: რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?
ამბავი N3:
ახალი და ძველი ბაზრის ტერიტორიები, ავტოსადგურის სივრცე, რესტორანი და ყოფილი საცურაო აუზის შენობა “ქართული ოცნების” შემომწირველის საკუთრებაშია
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კიდევ ერთი გორელი ბიზნესმენის, გიორგი ჯალაბაძის კაპიტალი.
ბიზნესმენი, რომელიც წლები რუსეთში მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურ კომპანიას “ООО “Азимут Гранит” რუსეთის ფედერაციაში დღემდე ფლობს, საქართველოში ბიზნესის კეთებით, 2012 წლის შემდეგ დაინტერესდა. Მან 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 25 000 ლარი შესწირა და გორში ბიზნეს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო.
Მან ჯერ გორის ყოფილი საცურაო აუზის შენობა შეიძინა 160 000 დოლარად, მოგვიანებით კი, ბაზრების და ავტოსადგურის ტერიტორიების მფლობელიც გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიების გასხვისება ხელისუფლებას მოქალაქეებთან არ შეუთანხმებია, რასაც არაერთი პროტესტი მოჰყვა – მაგალითად, ძველი ბაზრის ტერიტორიიდან მოვაჭრეები ძალის გამოყენებით აშალეს. იყო მძღოლების და მგზავრების პროტესტიც, რომლებსაც ავტოსადგურის წმინდაწყლის დასახლებაში გადატანა არ სურდათ, მაგრამ ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრიდან ბაზარი და ავტოსადგური ჯალაბაძის კუთვნილ ტერიტორიაზე მაინც გადაიტანა.
ჯალაბაძის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი, გორის გასასვლელში მდებარე რესტორანი “ვილა პარკია”. აღნიშნული სარესტორნე ბიზნესი ჯალაბაძემ 1 300 000 დოლარად იყიდა.
სახელმწიფო ფული მხარდაჭერის სანაცვლოდ
“ქართული ოცნებისა” და ბიზნესის ურთიერთობა დიდი ხანია შემოიფარგლება კორუფციით. საქართველოში დიდი ხანია ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იგებენ და გარიგებების მეშვეობით ძარცვავენ ხალხს”, – ამბობს პარტია “ევროპული საქართველოს წევრი, თამარ ჯალაღანია.
ოპოზიცია ამბობს, რომ მათი შემომწირველი ბიზნესმენების რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერა ბიზნესისთვის სახელმწიფო რესურსებზე წვდომის შეწყვეტას ნიშნავს.
ამბავი N4:
ხელისუფლებამ გორში, დევნილებისთვის შენობა შემომწირველი კომპანიისგან იყიდა
გიორგი ჯალაბაძე მსოფლიო ჩემპიონის და პრორუსი ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის ბიზნესპარტნიორია. ყოფილ მოკრივესთან ერთად, ჯალაბაძე სამშენებლო კომპანიას “ვარსკვლავი” ფლობს.
ჯალაბაძის მსგავსად, გიორგი კანდელაკიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია. Მაგალითად, 2018 წელს, მან “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, თავისი ერთ-ერთი კომპანიის შპს “თანას” სახელით 100 000 ლარი გადაურიცხა.
Სწორედ ამავე წელს გახდა ცნობილი, რომ ჯალაბაძის და კანდელაკის საერთო კომპანიას, ხელისუფლება 2 560 000 ლარს გადაუხდიდა და მის მიერ, გორში ჭონქაძის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსს დევნილებისთვის შეიძენდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია გორის მერიისგან სამშენებლო ნებართვებს უპრობლემოდ იღებს. სწორედ “ვარკსვლავის” აშენებულია გორში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსიც.
ამბავი N5:
“ქართული ოცნება” სხვადასხვა მომსახურებას საკუთარი შემომწირველებისგან ყიდულობს
Სამშენებლო ბიზნესის გარდა, გიორგი კანდელაკის კომპანიები სხვა მიმართულებითაც მუშაობენ. ამჟამად, მისი ბიზნესსაქმიანობა 10 სხვადასხვა კომპანიას უკავშირდება.
ამ კომპანიების ნაწილის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო ფულია. მაგალითისთვის, შპს “თანას” სახელმწიფოსთან 44 სხვადასხვა გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული – ჯამში 15 000 ლარის ღირებულების. ხოლო შპს “გითანასთან” უწყებებს 32 000 ლარის 27 გამარტივებული შესყიდვა აქვს განხორციელებული.
ტენდერებში გამარჯვების კუთხით, ამ დრომდე ლიდერად რჩება გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახი, რომელსაც ”ქართული ოცნებისთვის” ჯამში 120 000 ლარი აქვს შეწირული.
“ეს ხელისუფლება მე უკვე მაფასებს, აბა დაფასება არ არის, რომ ვმუშაობ, ტენდერებს რომ ვიგებ?!”, – ეს განცხადება მაკრახიძემ “მოზაიკასთან” ჯერ კიდევ 2019 წელს, პარლამენტში ყოფნის დროს გააკეთა.
Მას შემდეგ, მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კიდევ არაერთი ტენდერი მოიგეს – მაგალითად, მხოლოდ ერთ კომპანიათან, შპს “იბოლიასთან” სახელმწიფო სტრუქტურებს ჯამში 150 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.
Სახელმწიფო ტენდერებში გვხვდება კიდევ ერთი გორელი ბიზნესმენის, ილია აღდგომელაშვილის კომპანიები. აღდგომელაშვილი მმართველი პარტიის დამფინანსებელია – მას “ქართულ ოცნებისთვის” 15 000 ლარი აქვს შეწირული.
აღსანიშნავია, რომ ამ შემოწირულობის განხორციელებამდე, ოთხი დღით ადრე, მის კომპანიასთან ხელშეკრულება გორის კეთილმოწყობის სააგენტომ გააფორმა. ჯამში, აღდგომელაშვილს გორის მუნიციპალიტეტთან 33 332 ლარის სატენდერო და 18 241 ლარის გამარტივებული შესყიდვები აქვს განხორციელებული. ხშირ შემთხვევაში, აღდგომელაშვილის კომპანია დაბალი კონკურენციის პირობებში იმარჯვებს, რაც სპეციალისტების შეფასებით, კორუფციულ გარიგებებს ახასიათებს.
კიდევ ერთი გორელი ბიზნესმენი, რომელთანაც ხელისუფლება თანამშრომლობს, გიორგი ხუციშვილია. ერთ-ერთი ბოლო შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” სწორედ მისგან მიიღო. ხუციშვილმა მმართველ პარტიას მიმდინარე წლის 3 თებერვალს 30 000 ლარი გადაურიცხა. ხუციშვილმა პარტიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი 2020 წელსაც შეიტანა. წინასაარჩევნო პერიოდში მან “ქართულ ოცნებას” კანონით დადგენილი შემოწირულობის მაქსიმალური თანხა – 60 000 ლარი გადაურიცხა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხუციშვილმა ბიზნესსაქმიანობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან აიწყო. მისი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია “ალფა რეზიდენსი” ამ ეტაპზე თბილისის სამ სხვადასხვა უბანში 8 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. აღნიშნულმა კომპანიამ კორპუსები დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანში ააშენა.
გარდა ამისა, ხუციშვილის კომპანია “კალასს” სახელმწიფო ორგანიზაციებთან 4 000 000 ლარამდე ღირებულების ტენდერები და 14 000 000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვები აქვს განხორციხელებული. ერთ-ერთი ტენდერი, დაბალი კონკურენციის, ავანსის გაცემის და მეორე მონაწილის დისკვალიფიცირების გამო, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში მოხვდა, როგორც სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტი.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” ბიზნესს დემოკრატიის წინააღმდეგ იყენებს
“Მოზაიკას” მიერ შეგროვებული ფაქტები ცხადყოფს, რომ გორის მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილებს დიდწილად ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ბიზნესები ქმნიან. იკვეთება კავშირები თავად ბიზნესმენებს შორისაც, რის საფუძველზეც, ხშირად ამბობენ, რომ გორში სისტემური, იგივე კლანური მმართველობაა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით კრიტიკული აზრის და სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაც ეფექტურად ხდება.
“ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა და განსხვავებული აზრი ჩაახშოს. ადამიანები, ვინც ამ კომპანიებში მუშაობენ, ღიად ვერ აფიქსირებენ თავიაანთ პოზიციას, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. ყველა ადამიანის უკან ოჯახი დგას და სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გამო, არიან ჩუმად. ფაქტიურად იძულებული ხარ ან გაჩუმდე, ან უნდა დატოვო ოჯახი და წახვიდე ემიგრაციაში”, – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ბექა ქორჩილავა.
ანალოგიურად ფიქრობს, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილიც. Მისი თქმით, სწორედ ფული ეხმარება “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნებაში.
“მმართველი პარტიის ყულაბაში ექცევა ძალიან დიდი რაოდენობით ფული და შემდგომში ამ ფულს როგორ იყენებენ, კარგად ვხედავთ არჩევნებზე – ხდება ადამიანთა მოსყიდვა, დაშინება და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენება, რომლის წყალობითაც „იგებენ“ არჩევნებს”, – ამბობს ფანიაშვილი.
Მეტიც, ოპოზიცია ამბობს, რომ გორში პოლიტიკური თანამდებობებიც კი, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ვაჭრობის საგანი გახდა.
“გორში შემოდგომაზე ჩასატარებელ მაჟორიტარულ არჩევნებზეც “ქართული ოცნების” შიგნით განიხილება რამდენიმე ბიზნესმენის კანდიდატურა და კონკურსი მიდის იმაზე, თუ რომელი უფრო მეტ ფულს შესწირავს ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მენტალურადაც და ფინანსურადაც საზრდოობს საბჭოთა კავშირის მეთოდებით”, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლექსო ვალიური.
Როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად ოფელია მაკრახიძე, იოსებ მაკრახიძის შვილი და “ქართული ოცნების” შემომწირველი ბიზნესმენი განიხილება.