ადამიანები ისტორიები

თექის წიგნები ბავშვებისთვის – ოლიკო ბერძნიშვილის შემეცნებითი და განმავითარებელი წამოწყება

ოლიკო ბერძნიშვილი საბავშვო ბაღის აღმზრდელია. 21 წელია, რაც ბავშვებთან მუშაობს. სწორედ, პატარებთან ურთიერთობამ უბიძგა შემეცნებითი და განმავითარებელი თექის წიგნების შექმნისკენ.

წიგნების კერვა 5 წლის წინ დაიწყო. პირველი წიგნი ოლიკომ საკუთარი აღსაზრდელებისთვის შექმნა.

“დასატესტად ერთი წიგნი შევკერე, როდესაც საბავშო ბაღში ბავშვებთან მივიტანე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მას მერე გადავწყვიტე, რომ შემექმნა მსგავსი პროდუქტი”.

თექის წიგნებზე მუშაობა დროს მოითხოვს. ოლიკოს თითო ნამუშევრის შესაქმნელად დაახლოებით 5 დღე სჭირდება.

“თექით ვკერავ, რადგან ბუნებრივი პროდუქტით არის დამზადებული და უსაფრთხოა პატარებისთვის. დამზადების დროს წიგნის გვერდები განსაზღვრავს. დაახლოებით 5 დღე მაინც მჭირდება ნამუშევარის დასასრულებლად”.

ოლიკო წიგნებს სახლში ამზადებს და ცდილობს, მისი დიზაინი დამკვეთის სურვილებს მაქსიმალურად მოარგოს.

“დამკვეთის მოთხოვნებს ვითვალისწინებ, როგორი უნდა მას, რა გამოსახულებით. ვითვალისწინებ ბავშვის ასაკს”.

ოლიკო ფიქრობდა, რომ მისი ნამუშევრები სხვა საბავშვო ბაღებისთვის საინტერესო იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მან თექის წიგნების შეძენა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შესთავაზა, თუმცა თანამშრომლობა ვერ გამოვიდა.

“სამწუხაროდ, მათგან უარი მივიღე, რადგან მითხრეს, რომ ვერ შეიძენდნენ, ფინანსების არქონის გამო”.

ამ ეტაპზე, ოლიკო საკუთარ წიგნებს სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.