ადამიანები ისტორიები

ქალი, რომელმაც სოფელში სწავლის და დასაქმების სივრცე შექმნა

“რაც თავი მახსოვს, სულ ვკერავ, ვხატავ, ვძერწავ. ყოველთვის მიყვარდა ხელსაქმე. რომ გავიზარდე, მინდოდა ამ მიმართულებით ჩამებარებინა, მაგრამ ხელი შემეშალა, რომ დავოჯახდი”.

ნინო უმეკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. სოფლის ცენტრში, კლუბის ძველ შენობაში სამკერვალო და ხელოვნების წრე აქვს გახსნილი.

“ეს საქმე მიყვარს და სულ მინდოდა, სხვებისთვისაც მესწავლებინა. სკოლაშიც მქონდა წრე და ეკლესიაშიც – საკვირაო სკოლა. მერე გადავწყვიტე, ხელოვნების წრის გახსნა, რათა ბავშვებისთვის ხელსაქმე მესწავლებინა”, – იხსენებს ნინო.

სამი წლის განმავლობაში, ნინო ახალგაზრდებს კერვას ასწავლდა, წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი საკუთარ სახელოსნოში ასაქმებდა.

“სამკერვალო პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გავხსენი. ეს იყო ჩემი დიდი ოცნება და სურვილი. პროექტი ჩემი ხედვების მიხედვით დავწერე, რისი გაკეთება მინდოდა და გამიმართლა, მოეწონათ ჩემი იდეა და ხელი შემიწყვეს განხორციელებაში”.

სამკერვალოს გახსნის და იქ ადგილობრივების დასაქმების შემდეგ, ნინომ სამკერვალოს გაფართოება გადაწყვიტა. მიხვდა, რომ საწარმოს განვითარებისთვის ახალი დანადგარების შეძენა სჭირდებოდა.

“ერთი დაზგა მჭირდებოდა მხოლოდ, რომ საბნების კერვა დამეწყო და დამატებით კიდევ დამესაქმებინა რამდენიმე ქალი. დავწერე ბიზნესგეგმა და ისევ შევიტანე “აწარმოე საქართველოში”, მაგრამ ამჯერად, ვეღარ მივიღე დაფინანსება”.

გაფართოებაზე ზრუნვას ხელი პანდემიამაც შეუშალა. ნინოს მოუწია, რომ დროებით ხელოვნების წრეც დაეხურა.

“გაკვეთილები მქონდა 3-საათიანი, კვირაში ორი დღე და 10 ლარს იხდიდნენ, ამ დროში ყველაფერს სწავლობდნენ ბავშვები, ხატვას, კერვას, ძერწვას. ახლა ისევ გვინდა დავიწყოთ მუშაობა, ქალებიც ისევ დავასაქმო და იმედი მაქვს ხელი შეგვეწყობა.”

ნინო უმეკაშვილი დიდი ოჯახის დიასახლისია. ამბობს, რომ ოჯახსა და საყვარელ საქმეზე დროის გადანაწილება ნელ-ნელა ისწავლა.

“ადამიანი არ იბადება თავიდანვე ძლიერ ქალად. ამას ცხოვრება გაჩვენებს. შეიძლება ხელი გეშლებოდეს ბევრ რამეში, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დაყარო. მე, ჩემი საქმით, შეიძლება ფული ვერც გამოვიმუშავო, მაგრამ მიხარია, რომ ამას ვაკეთებ, ჩემს ცოდნას ახალგაზრდებს ვუზიარებ. ხალხის მადლიერებას ვხედავ და ეგეც მიხარია”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.