ხაშურში ბიბლიოთეკის კედელი ჩამოინგრა. შენობის იმ ნაწილში, რომელიც ჩამოიშალა, წიგნსაცავი იყო, რომელსაც ორი თანამშრომელი კურირებდა.
კედლის ჩამონგრევის შედეგად, არავინ დაშავებულა, რადგან უქმეები იყო და შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. თუმცა ნგრევას მოჰყვა ზარალი – კედელი მეზობლის ეზოში ჩაიშალა და მისი კერძო საკუთრება დააზიანა.
ვინ არის პასუხისმეგებელი ავარიულ შენობაში ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაზე? – ესაა კითხვა, რომელიც მომხდარის შემდეგ ისმის.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, შენობის მდგომარეობის შესახებ მერია საქმის კურსში იყო. ამის შესახებ, უწყებას წერილობით საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელძღვანელმაც აცნობა.
“შევამჩნიე, რომ შენობის ფანჯრები დეფორმაციას განიცდიდნენ და მერიას ვაცნობე წერილობით, დაახლოებით ერთი კვირის წინ. ზოგადად, მთლიანად შენობა ავარიულია და სხვა ნაწილების ჩამოშლის საფრთხეც არსებობს”, – გვითხრა კლარა გელაშვილმა.
მისი თქმით, შენობაში ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უსაფრთხო არ არის.
ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს, სადაც შენობის შიდა სივრცეები ჩანს. ფოტოების ავტორი გიორგი ჩუბინიძეა, რომელიც ამბობს, უკვე 9 წელია, რაც შენობაში საგანგაშო მდგომარეობაა.
“ახლა გიკვირთ, რომ თურმე კედელი ჩამოინგრა? და ეს შენობა დღემდე რომ დგას არ გიკვირთ? ამავე ფოტოებში ჩანს კიბის უჯრედი, სადაც წლებია ბავშვები, მკითხველები, თანამშრომლები მოძრაობენ თოთქმის ყოველ დღე”, – დაწერა ჩუბინიძემ.
მომხდარს მერიის უყურადღებობით ხსნის ადგილობრივი ოპოზიციაც. როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ხელისუფლებამ წლებია იცის, რომ შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს.
“მერიამ იცოდა, რომ ნგრევის საფრთხე არსებობს. მოქალაქეები ხშირად ავრცელებდნენ ამ შენობის ფოტოებს. მეტიც, ვინც კი ერთხელ ყოფილა მაგ შენობაში, ყველამ კარგად იცის, რომ ამორტიზირებულია, მაგრამ მერიამ მაინც მისი ფასადური რემონტი გადაწყვიტა”, – განაცხადა ეკა პაპუაშვილმა.
ბიბლიოთეკის შენობის ფასადური რემონტი დაახლოებით 5 წლის წინ ჩატარდა. შედეგად, მისი გარე ფასადის და უკანა მხარის იერ-სახეები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
რას უპირებს ხაშურის მერია ავარიულ შენობას და ბიბლიოთეკას?
ამ საკითხზე “მოზაიკა” მერიის ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟი იგეგმება. შემდგომი სამუშაოები კი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, უნდა დაიგეგმოს.
ამავე თემაზე: ხაშურის მერია ბიბლიოთეკის ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს ჯერჯერობით არ აპირებს
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამდე, ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას, როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, შენობის უსაფრთხო ნაწილში გააგრძელებს.
“ნაწილი სხვადასხა ბიბლიოთეკებში გადავნაწილდით, ნაწილი ისევ აქ იქნება, სადაც უსაფთხო გარემოა”, – გვითხრა გელაშვილმა.